აჭარა. 29 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „შშმ პირთა უფლებებისათვის" პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი - თამაზ მჟავანაძე ერთაინ ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის დამატებითი დროის გამოყოფის ინიციატივაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ დროისათვის მოქმედი დამატებითი დროის განსაზღვრის წესი უნდა შეიცვალოს და იგი ნახევარი საათიდან 45 წუთამდე გაიზარდოს. გაზრდილი დამატებითი დროიდან 30 წუთი წერითი დავალების შესრულებას, 15 წუთი კი ტესტირებას დაეთმოს. მოქმედი წესის თანახმად, წერითი დავალების შესასრულებლად 15 წუთია გამოყოფილი. თამაზ მჟავანაძე რომელიც წელს აბიტურიენტი იყო, პირადი გამოცდილებიდან ასკვნის, რომ მოტორული ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ეს დრო შშმ პირისთვის არასაკმარისია. ინიციტივის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს უკვე მიმართა.