კახეთი. საქართველოს სათემო კავშირმა თელავში შეხვედრა გამართა.შეხვედრას კახეთის რეგიონის მასშტაბით მომუშავე სათემო კავშირის წევრები, რაიონული ოფისების ხელმძღვანელები და სარევიზიო კომისიების უფროსები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს სათემო კავშირის ბიზნეს პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი ამისულაშვილმა, განაცხადა შეხვდრის მიზანი იყო კახეთში სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და სხვა კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიება. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვედრის პარალელურად ჩაუტარდათ ტრენინგი, პროექტების წერაზე, ბიზნეს იდეების დამუშავებასა და მათ განხორციელებაზე.
,,დღეს ჩავუტარეთ ტრენინგი სამიზნე ჯგუფს, რომლის შემდეგაც მოხდება პროექტების დამუშავება და მათი განხორციელება. მთავარი არის ის, რომ ეს პროექტები მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ კახეთში. ამ ყველაფრის შესწავლას ეტაპობრივად სჭირდება მუშაობა და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა ადამიანს ბიზნეს იდეების განხორციელებაში.