30 აგვისტოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ჩატარდა ოჯახების ასოციაციისა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციათა ორგანიზებით.
ღონისძიება გორში ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალთან დაიწყო, რომელიც გაგრძელდა საეკლესიო პარაკლისით, რის შემდეგაც გაიმართა მსვლელობა წერეთლის ქუჩაზე გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მიმართულებით. თეატრის ეზოში ღონისძიების მონაწილეებმა გაუშვეს ჰაერის ბუშტები რომლებზეც დაკარგულთა სახელები და გვარები იყო დაწერილი.
აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, ახორციელებს მხარდაჭერით საქმიანობას, რათა დადგინდეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედ-იღბალი და პასუხი გაეცეს მათ ოჯახებს. ამასთან, ორგანიზაცია ეხმარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება.