თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ორ შტოს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკების შემდეგ. შედეგად, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას. ...მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას ... რომ არ დაუშვებენ არცთუ შორეული წარსულის გამოცდილების გამეორებას, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთ ხმაში ლაპარაკობდა და პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ იმართებოდა. ასეთ მოცემულობაში სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან და მათ მუშაობას, ფაქტობრივად, ფორმალური ხასიათი აქვს. საქართველოს მთავრობას უნდა ახსოვდეს რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნებას წარმოადგენს”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge