გურია. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქალაქ ოზურგეთში მრავალბინიან სახლებში მცხოვრებთა წყლით სარგებლობას ეხება.
მასში ნათქვამია, რომ „ქალაქ ოზურგეთში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ" დაიწყო მრავალბინიან სახლებში მცხოვრები აბონენტებისათვის მრიცხველების დამონტაჟება. მათი წარმომადგენლების განმარტებით, მომხმარებლები ვალდებულნი არიან დათანხმდენენ მრიცხველების დამონტაჟებას, ამასთან, მომხმარებლებისათვის ხდება მხოლოდ ხსენებული კომპანიისათვის სასურველი ტიპის მრიცხველების შეთავაზება.
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი" აცხადებს, რომ „გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის" წარმომადგენლები მომხმარებლებს არასწორ განმარტებებს აძლევს, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი: მრავალბინიანი სახლების მაცხოვრებლებს, რომელთა მიმართ არ ხორციელდება უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგება, შეუძლიათ უარი თქვან მრიცხველების დამონტაჟების შეთავაზებაზე და, შესაბამისად, მათი მონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ აბონენტების ნების გათვალისწინებით;..."
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც თვლის, რომ ილახება მისი უფლებები, სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას (იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციისა და საჩივრების მომზადებას, წარმომადგენლობას სასამართლო ინსტანციაში). დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მისამართზე: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #25, ბ. 14 (საკონტ. ტელ.: (496) 27 45 47; 599 58 75 74).