თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" გასულ მასალაზე. „...ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის" ეთერში, გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები" გავიდა აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ახერხებენ ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრონ, მათ შორის, როგორც ჟურნალისტი ასკვნის, ე.წ. „მაყურებლის" დანიშვნაზე და ე.წ. „ობშიაკის" შეგროვებაზე. „პატიმრობის კოდექსი" ზუსტად განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულთა პირთა მიერ ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის წესებს, რომელთა დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს; ზემოაღნიშნულ გადაცემაში გაშუქებული სატელეფონო ჩანაწერები, ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს", ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ზემოაღნიშნულ გადაცემაში გასული მასალების შესახებ".
წყარო: ombudsman.ge