სამცხე–ჯავახეთი. 25 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მორიგი ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ამჯერად მოსახლეობის კითხვებს საკრებულოს მთავარმა სპეციალისტმა იურიდიულ საკითხებში ირინა ყურმაშვილმა უპასუხა.
კონფერენციის შესახებ განცხადება რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად ქალაქის გაზიფიცირების დასრულებას, ქუჩების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეეხებოდა.
ონლაინ კონფერენცია ახალციხის მუნიციპალიტეტის ფეისბუკის გვერდზე 30 აგვისტოდან, პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის" ფარგლებში იმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი" ახორციელებს. მოქალაქეთა კითხვებს უკვე უპასუხეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სხვა წარმომადგენლებმა. პროექტის მიზანია გააადვილოს თანამშრომლობა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის.