კახეთი. პროექტის ,,თავისუფალი ჩვენებების” – ფარგლებში, კახეთის რეგიონში, სხვადასხვა ჟანრის ფილმის თავისუფალი ჩვენებების საზაფხულო ეტაპი დასრულდა. ინიციატორები იყვნენ ,,აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები – „რეგიონული კინოს ასოციაცია", „სამოქალაქო ინიციატივა", „ქალები რეგიონის განვითარებისთვის".
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, ან ამ რეგიონებთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულების გაერთიანება, რომელთა მიზანია ზაფხულში, სოფლებში, მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
ნანა ბაგალიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო ინიციატივის’’ აღმასრულებელი დირექტორი: ,,საქართველოს სოფელსა და ქალაქებში გვინდა ახალგაზრდებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შევქმნათ სივრცე, სადაც ექნებათ სათანადო პირობები და სტიმული სააზროვნოდ, იდეების გასაზიარებლად, მსოფლმხედველობის დასახვეწად და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაინახონ კინოკლუბების მნიშვნელობა, შედეგები და აიღონ პასუხიმგელობა კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურის შეძენად".