შიდა ქართლი. 9 სექტემბერს, ცენტრ „აფხაზეთის" ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ციკლიდან - ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანთან". ამჯერად, მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, შეხვედრა გაიმართა სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ჯანსაღი ცხოვრების კლუბის, ასევე სამოქალაქო განათლების და ქიმია-ბიოლოგიის კლუბების წევრები. შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი ბავშვებს ესაუბრა იმ ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ საფრთხეებზე, რომელთა გავლენითაც შესაძლოა დაზიანდეს პროდუქტი და მიაყენოს ზიანი ადამიანთა ჯანმრთელობას. ბავშვებმა თითოეულ საფრთხეზე მოიყვანეს უამრავი მაგალითი, ისაუბრეს თუ რა დაავადებების გამოწვევა და ზიანის მოტანა შეუძლიათ ადამიანისათვის. მოწვეულმა სტუმარმა ბავშვებს განუმარტა ასევე ის 5 პრინციპი რომელნიც აუცილებელია დავიცვათ სადილის მომზადებისთვის. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
შეხვედრა გაიმართა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის" პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით.