აჭარა. 8-10 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ბათუმის მერიის 2015-2018 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, ასევე ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამსახურებმა. დაგეგმილ პროგრამებსა და მათი განხორციელების საჭიროებებზე დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მოსახლეობისგან მოისმინეს ყველა პროგრამასთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გასულ შეხვედრებზე მიცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის და ახლად შექმნილი პროგრამების განხორციელების აუცილებლობის დასაბუთების არასაკმარისი არგუმენტაციის შესახებ ისაუბრეს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წაროდგენილმა პროექტმა, რომელიც შშმ პირებს თავინთ ოჯახებთან ერთად დასვენებასა და სარეაბილიტაციო კურსის გავლას სთავაზობს. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციართა რიცხვი პრიორიტეტების პროგრამაში გაორმაგებულია, რომლის საჭირობის დასაბუთება მეტ-ნაკლებად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სრულყოფილი არ არის. ხმაურიანი განხილვის თემა იყო მერიის კულტურის განყოფილების ახალი პროგრამაც, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობას გულისხმობს. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილის აზრით, მერიის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით თანხის ხარჯვა არამიზნობრივია, ნაწილი კი თვლის, რომ მომსახურების სფეროს განვითარებისთვის წარმოდგენილი პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნეს სექტორსაც. საჯარო შეხვედრების ბოლო დღე, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის პრიორიტეტების განხილვას მიეძღვნა. წარმოდგენილმა პრიორიტეტებმა დარბაზში დამსწრე საზოგადოება არც თუ ისე კმაყოფილი დატოვა. საზოგადოებრივი დარბაზების ლიდერებმა სამსახურის უფროსს პირადად გააცნეს თავიანთ ქუჩებზე არსებული მლგომარეობა და პრობლემები. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მოუწოდეს რათა სარეაბილიტაციო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნას შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საჯარო შეხვედრების ბოლოს, დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოამზადებს რეკომენდაციას და პროგრამების დამტკიცებამდე წარუდგენს შესაბამის სამსახურს.