თბილისი. 21 ოქტომბერს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოაწყო დისკუსია თემაზე „ბავშვის პირადი ცხოვრების უფლება და მედია". მოწვეულმა სტუმრებმა და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს მედიის როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.
„ბოლო პერიოდში, ქველმოქმედება რეიტინგული გადაცემების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს, ქველმოქმედების ობიექტები კი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გადაცემები, არაერთ შემთხვევაში, დადებითი შედეგის მომტანია კონკრეტული ბავშვებისთვის, შედეგი, ზოგჯერ ბავშვის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ხარჯზე მიიღწევა. აღნიშნული პრობლემის უფრო ნათლად წარმოსაჩენად განხილული იყო გადაცემა „ნანუკას შოუს" ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელშიც ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რამდენიმე შემთხვევას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
დისკუსიაში მონაწილეობდა გადაცემის ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროცედურაზე, რომელიც გაიარეს აღნიშნული სიუჟეტის მომზადების პროცესში.
ღონისძიების სპიკერებმა და დამსწრეებმა განიხილეს ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი მედიაში და ამ სტანდარტის ამაღლების შესაძლებლობები.
დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები მედიისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში