2023 წელი
აშშ–ის საელჩო საქართველოში – „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან". სრულად...
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს – „მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. სრულად...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე. „ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“. სრულად...
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა. ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. “ სრულად...
აშშ–ის საელჩო საქართველოში – „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“. სრულად...
ტოდ დ. რობინსონი, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – „ცალსახაა, რომ ეს კანონი რუსეთის ინტერესებს ეფუძნება და არა საქართველოსას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებშია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით უფრო მეტი მუშაობა. ეს კანონი ამას არ აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მართებული საქართველოსთვის. რაც ყველაზე მთავარია, ქართველები არ ფიქრობენ, რომ ეს მართებულია საქართველოსთვის". სრულად...
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი, წევრი სტივ ჯოენი და წევრი როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ”. სრულად...
სენატორი დიკ დურბინი - „იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის." სრულად...
საქართველო-ევროკავშიროს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის განცხადება – „ჩვენ, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრები, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოითხოვოს ორივე კანონპროექტი და შეაჩეროს პარლამენტის კომიტეტებში დაწყებული პროცედურა. სრულად...
სენატორი ჯინ ჰაშინი – „ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის." სრულად...
ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი კანონის პროექტის შესახებ – „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე.“ სრულად...
სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი – „საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე." სრულად...
მარკ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი – „გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს შემოთავაზებული კანონპროექტის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდეგი ნაბიჯების განხილვისას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უკუკავშირი”. სრულად...
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის – დუნია მიატოვიჩის წერილი საქართველოს პარლამენტს – "მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას ინიცირებულ კანონის პროექტზე ან მსგავსი სახის სხვა კანონპროექტზე". სრულად (ქართული, ინგლისური)...
აშშ–ის ელჩის კელი დეგნანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ – „საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი“ „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ. საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა“. სრულად...
გაეროს წარმომადგენლობის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – „... აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.“. სრულად...
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადება – „კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება“. სრულად...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოხმაურება – „უცხოური დაფინანსების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და ჰქონდეს შემზღუდავი ეფექტი“. სრულად...
ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი კანონის პროექტის შესახებ – „ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას“. სრულად...
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) მიერ, უფლებადამცველთა დაცვის მიზნით შექმნილი ერთობლივი მექანიზმის ობსერვატორიის (Observatory) განცხადება – „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს, იცავდეს და ხელს უწყობდეს გაერთიანებისა და გამოხატვის უფლებებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად“. სრულად (ინგლ)...
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) – „არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება „უცხოელ აგენტებად“ მათ წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ნაბიჯია საპარლამენტო უმრავლესების მხრიდან. კანონის პროექტი ეფუძნება რუსულ პრაქტიკას, სადაც ათი წლის წინ მიღებულმა მსგავსმა კანონმა პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, განსაკუთრებით კი, არჩევნების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დე-ფაქტო ლიკვიდაცია/შეწყვეტა გამოიწვია“. სრულად (ინგ)...
არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO) გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში პარლამენტის წევრების მიერ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს ეს კანონპროექტი, რომელიც არღვევს „ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რაც გულისხმობს ზეწოლას ან კონტროლს ასოციაციების საქმიანობასა და არსებობაზე და სამოქალაქო ცხოვრებაში ინდივიდების მონაწილეობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური დემოკრატიისთვის“. სრულად...
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი – კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, როგორც საქართველო მეგობარი, ტვიტერის ანგარიშზე ამბობს, რომ ევროკავშირის პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე უცვლელია: კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. სრულად...
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს. კანონპროექტი უარყოფითად აისახება ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე“ . სრულად...