en
ge

იდეოლოგიები

იდეოლოგიები

პოლიტიკური იდეოლოგიები მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობებად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფასეულობები მიიჩნევა ქვეყნის წინსვლის და მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევის საუკეთესო საშუალებად.

უშუალოდ ტერმინები – „მემარჯვენე“, „მემარცხენე“ საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდს უკავშირდება – ახლად ფორმირებულ ეროვნულ ასამბლეაში ერთ–ერთ საკითხზე დებატების მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეების განლაგებას.

მემარჯვენე მიმდინარეობა ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების ირგვლივ კონცენტრირდება და შესაბამისად, უფრო კონსერვატიულია. მემარჯვენეები მხარს უჭერენ ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ფასეულობები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.

მემარცხენე იდეოლოგიები, კლასიკური გაგებით, სოციალურ სამართლიანობაზე არის დაფუძნებული და ძირითად ფასეულობებად სოციალურ თანასწორობას, სოლიდარობას და პროგრესულობას აღიარებს.

ხშირია სხვადასხვა იდეოლოგიების გადაკვეთა ან მათგან აღებული ელემენტების გაერთიანება ახალ პოლიტიკურ მიმდინარეობებად, რომლებიც ხშირად ცენტრისტულად მოიხსენიება, ვინაიდან ერთგვარად აერთიანებს და აბალანსებს კონსერვატორებისა და ლიბერალების მისწრაფებებს და ფასეულობებს.

რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ისინი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ აქ მხოლოდ ძირითად, ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ იდეოლოგიებს შევეხებით:

ლიბერალიზმი – თავისუფლებასა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელშიც სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა ადამიანის თავისუფალი ნება და საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა.

ლიბერალური იდეოლოგია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ღიაა პროგრესული სიახლისა და რეფორმებისათვის, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, წინააღმდეგობაში მოდის კონსერვატიზმთან. ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩაერიოს ინდივიდის ყოფაში და მხოლოდ ის სფეროები უნდა განაგოს, რომელთა მოწესრიგებათ საზოგადოებას თავად არ შეუძლია.

კონსერვატიზმი – მემარჯვენეობასთან ასოცირდება და ტრადიციული ფასეულობების პატივისცემას უსვამს ხაზს. შესაბამისად, კონსერვატორები ფრთხილად ეკიდებიან ან, საერთოდ უარყოფენ რადიკალურ რეფორმებს. კონსერვატორებისთვის კერძო საკუთრება წმინდაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში რაიმე გზით ჩარევა ან მისი შეზღუდვა დაუშვებლად მიაჩნიათ. კონსერვატიზმი, ლიბერალიზმის მსგავსად, არ ეწინააღმდეგება და არ უარყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, თუმცა, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, პიროვნების თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების წინ ძლიერ სახელმწიფოს აყენებს.

სოციალიზმი საკმაოდ გავრცელებული, მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის მთავარ საყრდენს სოციალური თანასწორობის, უფრო ზუსტად კი უთანასწორობის მაქსიმალურად შემცირების იდეა წარმოადგენს. სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და უმუშევრებს.

როგორც არაერთი ავტორი აღნიშნავს, ერთი შეხედვით, სოციალიზმის მისწრაფება თანასწორობისა და ყველას კეთილდღეობისკენ მიმზიდველად შეიძლება ჩანდეს, თუმცა სახელმწიფოების მაგალითი აჩვენებს, რომ მცირე დროში სოციალური პრობლემების მოგვარება გარკვეულ კავშირშია გაზრდილ გადასახადებთან, რაც საშუალო ფენის გაღარიბებას უწყობს ხელს.

ფაშიზმი რადიკალურად მემარჯვენე, ტოტალიტარულ-ნაციონალისტური იდეოლოგიაა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა და მთელი მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის გერმანიაში გამვლინდა. ფაშიზმის იდეოლოგია რასობრივ და/ან ეროვნულ უპირატესობას ემყარება. ფაშისტები მიიჩნევენ, რომ ერი უნდა გაერთიანდეს საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციების და სიწმინდის დასაცავად და ერთად აღუდგეს წინ „მტერს”, რომელსაც ამ თვითმყოფადობის განადგურება სურს. ფაშისტური იდეოლოგია ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების მეშვეობით, ფსევდო „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, იდევნებიან ყველა განსხვავებული შეხედულების ადამიანი.

კომუნიზმი რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც სოციალიზმის ერთგვარ ექსტრემალურ გაგრძელებას წარმოადგენს და რომლის მიზანიც სოციალური უთანასწორობის საბოლოო აღმოფხვრაა. კომუნიზმი ეწინააღმდეგება ნებისმიერი კერძო საკუთრების იდეას, უარყოფს მემკვიდრეობას და ტრადიციებს. კომუნისტური იდეოლოგია, ერთი შეხედვით, თანასწორობისა და ჩაგვრის აღმოფხვრისკენ არის ორიენტირებული, თუმცა მისი რადიკალიზმისა და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო იდეების გამო, რეალობაში, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ ორიენტირებულ, ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიად გვევლინება.

ანარქიზმი უტოპიური იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება გულისხმობს ინდივიდზე ძალადობას, რის გამოც ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა გაუქმდეს. ანარქისტული იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანები თვითორგანიზებულ ჯგუფებში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც გადაწყვეტილების მიღება ინდივიდის თავისუფალ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ანარქიზმი უტოპიურია, ვინაიდან მისი იდეოლოგიის ხორცის შესხმა რეალობაში წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

წყარო: www.civiceducation.ge



მსგავსი პოსტები