en
ge

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ - ეს წოდება ექვთიმე თაყაიშვილს კონსტანტინე გამსახურდიამ უბოძა. 

ექვთიმე თაყაიშვილი, მის მეუღლესთან - ნინო პოლტოროცკაიასთან ერთად აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, მისი განძისა და ისტორიის ჯერ ევროპაში გატანა, შემდეგ კი შენახვა და საბოლოოდ სამშობლოში უვნებლად დაბრუნება მოახერხა. 

ექვთიმე სოფელ ლიხაურში (გურია) ზოგიერთი ცნობით 1861 წლის 3 იანვარს, მეტრიკულის მიხედვით კი - 1862 წლის 5 იანვარს დაიბადა. 

ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ეტყობოდა, რომ ინტერესთა ფართო სპექტრი ჰქონდა და არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული კულტურაც იტაცებდა; თუმცა რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველოდან, ევროპისაკენ პირდაპირი გზის გაჭრა, ქართველ სტუდენტთათვის შეუძლებელი ამოცანა გახლდათ. ამიტომ ექვთიმემაც თერგდალეულთა მსგავსად, იმპერიის იმ ერთადერთ ქალაქში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სადაც ევროპულ კულტურასთან ზიარება შეეძლებოდა, არჩევანს კი ასე ხსნიდა: „მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი“. 

საქართველოში ექვთიმე უამრავ საზოგადოებრივ-კულტურულ პროექტს ედგა სათავეში. ის იყო 1918 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი მონაწილე, ეროვნული საბჭოს წევრი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერიც, თუმცა 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის გამო, იძულებული გახდა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. 

სწორედ აქ გამოიჩინა ექვთიმემ უდიდესი გმირობა და სიცოცხლის რისკის ფასად, მეუღლესთან ერთად შეძლო ჩვენი ქვეყნის განძის საფრანგეთში გატანა, რითიც ბოლშევიკებისაგან იხსნა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. 

აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში ევქთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ევროპული თუ ამერიკული მუზეუმები, თუნდაც ერთი ექსპონატის სანაცვლოდ, დიდი თანხების გადახდისათვის იყვნენ მზად, მან ყველა ცდუნებას გაუძლო და 1946 წელს, საქართველოს სსრ-ში განძთან ერთად დაბრუნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ექვთიმე არ დაუპატიმრებია და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზეც აღადგინა, მისი ბოლო წლები სამშობლოში მაინც გაუსაძლისი გახადა. 1951 წელს დააპატიმრეს ექვთიმეს შვილიშვილი - ლიდა პოლტოროცკაია, 1952 წელს კი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მარტო დარჩენილი, სიღატაკეში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წელს გარდაიცვალა. სასაფლაომდე მისი ნეშტი სულ 50-მდე ადამიანმა გააცილა.

მსგავსი პოსტები