en
ge

ნუ დაუჯერებ სხვას, თავად გადაამოწმე

ნუ დაუჯერებ სხვას, თავად გადაამოწმე

სანამ „გრანტიჭამიობის“ მითს დაიჯერებ გაიგე რა არის გრანტი, ვინ იღებს გრანტს და რომელ ქვეყანაში იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება.

გრანტი არის დონორის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები, რომელიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო–სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, ასევე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისათვის.

ვის შეუძლია მიიღოს გრანტი?

სია საკმაოდ ვრცელია და ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ მხოლოდ არასამთავრობო სექტორი არის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის მიმღები.

კანონმდებლობის მიხედვით სურათი ასე გამოიყურება: 

ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანო.
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არასამთავრობო) იურიდიული პირი.
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;
) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;
ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
და ა.შ.




რომელ ქვეყნებში იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება? 

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვები იმ ქვეყნებში გვხვდება, სადაც დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალია. მაგალითად: რუსეთი (არათავისუფალი ქვეყანა – ფრიდომ ჰაუსი), თურქეთი (არათავისუფალი ქვეყანა – ფრიდომ ჰაუსი), ინდოეთი (ნახევრად თავისუფალი – ფრიდომ ჰაუსი), ჩინეთი (არათასვისუფალი – ფრიდომ ჰაუსი), ვენესუელა (არათავისუფალი – ფრიდომ ჰაუსი), ეგვიპტე (არათავისუფალი – ფრიდომ ჰაუსი), ბელარუსი (არათავისუფალი – ფრიდომ ჰაუსი).




რუსეთი – 2012 წელს მიღებული კანონით, რომელიც 2022 წელს გაფართოვდა, უცხოეთის აგენტად ცხადდება პირი ან ორგანიზაცია, ვინც უცხოეთიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერას იღებს.
ასეთ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება, უნივერსიტეტში სწავლება, ბავშვებთან მუშაობა, მათ მიერ შექმნილი ან ადმინისტრირებული ვებ–გვერდების დაბლოკვის უფლება რუსეთის კომუნიკაციების სააგენტოს აქვს მინიჭებული.
2021 წლიდან კი ნებისმიერი მედია, რომელიც დაფინანსებას რუსეთის გარედან იღებს, შესაძლოა გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად და ვალდებულია ეს საკუთარ გამოცემაშიც მიუთითოს, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე ყველა ვიდეო და აუდიო მასალაში თუ პოსტში.

უნგრეთი – 2017 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წელიწადში 20 000 ევროზე მეტ დაფინანსებას იღებდა უცხოური წყაროებიდან, უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული“.
2020 წელს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ცნო. უნგრეთის მთავრობამ 2021 წელს კანონი გააუქმა.

თურქეთი – 2018 წელს ქვეყანაში ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდმა შეწყვიტა საქმიანობა. მიზეზი ქვეყნის ხელისუფლებლებამ ფონდი 2013 წლის აქციებთან კავშირში დაადანაშაულა, რასაც ორგანიზაციაში უარყოფდნენ.
მას შემდეგ თურქეთმა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა. 2021 წელს მიღებული კანონით შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების უფლება ბიზნეს პარტნიორობის, ასოციაციების შექმნის და ფონდების მოძიების კუთხით. გარდა ამისა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება შეცვალოს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ტერორიზმში დაადანაშაულებენ. მსგავს ბრალდებას ხელისუფლება ხშირად იყენებს აქტივისტების, ჟურნალისტების, ხელოვანების და იურისტების წინააღმდეგ. კანონით ხელისუფლებას უფლება მიეცა ყოველწლიური შემოწმება ჩაატაროს ფონდებში, განსაკუთრებით კი უცხოურ ორგანიზაციებში.

ინდოეთში უცხოური კონტრიბუციების რეგულაციების კანონი მოქმედებს, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებს.

ჩინეთში 2017 წლიდან მოქმედებს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების კანონი, რომელიც ჩინეთის მთავრობას მათი საქმიანობის გაკონტროლების საშუალებას აძლევს.

ვენესუელა – 2022 წელს შეიმუშავეს კანონი, რომელიც ახალი სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, სადაც არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ და გაუზიარონ ინფორმაცია ბენეფიციარების და აქტივობების შესახებ. სააგენტო შექმნის ფონდს, სადაც ყველა საერთაშორისო დონაცია მოგროვდება და გადაწყდება თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს დაფინანსებას. ჯერჯერობით კანონი დამტკიცებული არ არის.

ეგვიპტეში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს , სადაც 2019 წელს გამკაცრდა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონი, რის საფუძველზეც არაერთ ორგანიზაციას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი რეგისტრაციაზე. 

2021 წელს ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებებით სულ მცირე 46 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს ბელარუსშიც.

წყაროები:
freedomhouse.org
მედიის განვითარების ფონდის პუბლიკაცია...




მსგავსი პოსტები