საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტის "საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში" 2013-2014 წლის ნაკადის მონაწილეთა შესარჩევად. ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს. სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო მართვის, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის, ასევე მოლაპარაკებათა წარმართვის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, იმავდროულად იმუშავებენ ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე და ფონდის მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით შექმნიან პოლიტიკურ დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვაც გაიმართება სასწავლო კურსის ბოლოს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ესტონეთში, ევროინტეგრაციის ესტონური გამოცდილების გაზიარების მიზნით. მეცადინეობა გაიმართება საღამოს საათებში, სამუშაოდან მოწყვეტის გარეშე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში (მინიმუმ ერთ სფეროში მაინც): ევროინტეგრაცია, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, განათლება და მეცნიერება, კონფლიქტები და მოლაპარაკების წარმოება, დემოკრატიული განვითარება, გენდერული თანასწორობა და ეროვნული ინტეგრაციის საკითხები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ: (1) სამოტივაციო წერილი და (2) რეზიუმე/CV, შემდეგ მისამართზე: cbgl@gfsis.org არა უგვიანეს 2013 წლის 16 ოქტომბრისა. საბუთები მიიღება მხოლოდ ელექტრონული გზით.
კანდიდატების საბოლოო შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.
პროექტი "საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში" ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს (GFSIS) პარტნიორობას უწევენ შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი (SIPU International) და ესტონეთის დიპლომატიური სკოლა (ESD).
მადლობას მოგახსენებთ სასწავლო პროგრამით დაინტერესებისთვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: www.gfsis.org
წყარო:jobs.ge