გსურთ, რომ უფრო მეტი შეიტყოთ ამერიკელების შესახებ? გინდათ, რომ ხელი შეუწყოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას? გსურთ, რომ დაეხმაროთ ქართულ ორგანიზაციებსა და სკოლებს მიიღონ გამოცდილი მოხალისე, რომელიც უსასყიდლოდ დაეხმარება მათ მუშაობაში? თუ კი, მაშინ უმასპინძლეთ "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეს თქვენს ოჯახში!
"მშვიდობის კორპუსის" შესახებ:
"მშვიდობის კორპუსი" 1961 წელს დააარსა პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ. "მშვიდობის კორპუსი" არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არაპოლიტიკური, არამომგებიანი და არარელიგიური სააგენტო, რომლის სამი ძირითადი მიზანია:
** ხელი შეუწყოს დაინტერესებული ქვეყნის განვითარებას შესაბამისი განათლების მქონე ხალხის ჩამოყვანით და მათი ჩაბმით ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში;
** ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ამერიკის უკეთ გაცნობას.
** ხელი შეუწყოს ამერიკელი ხალხის მიერ სხვა ქვეყნის უკეთ გაცნობას.
ვინ არიან "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეები?
"მშვიდობის კორპუსის" მოხალისეები არიან სხვადასხვა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები და მამაკაცები, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის მრავალფეროვან კულტურას. ყველა მათგანს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება სხვადასხვა სპეციალობით და გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეები საქართველოში მსახურობენ სამიდან 12 თვემდე. განსხვავებით სხვა უცხოური ორგანიზაციების თანამშრომლებისაგან, მოხალისეები არ სარგებლობენ პრივილეგიებით. მოხალისეს ეძლევა მცირე თანხა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, იცხოვროს ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, როგორც საზოგადოების რიგითმა წევრმა.
რატომ ცხოვრობენ მოხალისეები ოჯახებთან ერთად?
"მშვიდობის კორპუსის" მასპინძელი ოჯახების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. "მშვიდობის კორპუსი" მიიჩნევს, რომ მასპინძელ ოჯახთან ცხოვრებით, მოხალისე უკეთ ეცნობა ქართული ოჯახის ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, ისევე როგორც ქართული ოჯახი უკეთ შეიცნობს ამერიკელი ხალხის კულტურასა და ცხოვრების სტილს.
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მასპინძელ ოჯახს?
"მშვიდობის კორპუსი" ამჟამად ეძებს ოჯახებს თბილისში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, უმასპინძლონ მოხალისეებს, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის მრავალფეროვან კულტურას (განურჩევლად მათი ასაკის, სქესის თუ ეთნიკური წარმომავლობისა). ოჯახებს, ასევე, უნდა ჰქონდეთ გულითადი სურვილი გააცნონ ამერიკელ მოხალისეს ქართული ტრადიციები, დაეხმარონ მათ ქართული კულტურისა და ენის უკეთ შესწავლაში. ქართული ოჯახებისათვის ამ პროექტში მონაწილეობა იქნება შესანიშნავი საშუალება, მიიღონ კულტურისა და ტრადიციების გაცვლის გამოცდილება. მათ ექნებათ საშუალება, ყოველდღიურად ესაუბრონ ამერიკელ მოხალისეს ინგლისურ ენაზე, შეიძინონ ახალი მეგობარი და დაეხმარონ ამერიკელ მოხალისეებს საქართველოში მუშაობის დროს ღირებული კულტურული გამოცდილების შეძენაში.
მასპინძელი ოჯახის შერჩევის კრიტერიუმები:
მასპინძელი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები მარტივია. მასპინძელმა ოჯახმა უნდა მიიღოს მოხალისე როგორც ოჯახის წევრი, უზრუნველყოს ყოველდღიური კვებით და მინიმალური პირობებით: ცალკე ოთახი, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა და კარზე საკეტი; ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა ფლობდეს სასაუბრო ინგლისურს ელემენტარულ დონეზე. თბილისში მცხოვრები მასპინძელი ოჯახი მიიღებს მცირე ყოველთვიურ კომპენსაციას 335 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის ბინის ქირა, არამედ ანაზღაურება იმ ხარჯებისათვის, რომელიც დამატებითი წევრის კვებისა და კომუნალური გადასახადებისთვის დაიხარჯება. მოხალისე ასევე დაფარავს თავისი ოთახის გათბობისთვის საჭირო ხარჯებს.
იხილეთ ვიდეო მასპინძელი ოჯახების გამოცდილების შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=FB2rmR2G8pc
"მშვიდობის კორპუსის" პროგრამებისა და მოხალისეების გამოცდილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://georgia.peacecorps.gov
როგორ დავრეგისტრირდეთ?
თუ დაინტერესდით, რომ უმასპინძლოთ ამერიკელ მოხალისეს თქვენს ოჯახში, გთხოვთ, შეავსოთ მიმაგრებული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tnozadze@peacecorps.gov
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 9 აპრილი, 2014 წ.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მშვიდობის კორპუსის მასპინძელი ოჯახების კოორდინატორს:
თამუნა ნოზაძე, მასპინძელი ოჯახების კოორდინატორი
ტელ: (+995 322) 241-220/22/23/24
ელ-ფოსტა: tnozadze@peacecorps.gov
წყარო: jobs.ge