საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს შერჩევას, პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.
პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.
პროგრამას განახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: ეკონომიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდები, პოსტსაბჭოთა სივრცე და საერთაშორისო ფინანსები, სულ დაახლოებით 200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები. სამუშაო ენა იქნება ინგლისური და ქართული, მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში.
პროგრამა დაიწყება 2014 წლის მაისის შუა რიცხვებში და დასრულდება 2015 წლის აპრილში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმები: უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, საბაზისო ცოდნა მათემატიკაში, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი.
შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: 1) მოტივაციის წერილი, 2) სარეკომენდაციო წერილი და 3) CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nationalsecurity@gfsis.org
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 8 მაისი, 2014, 18:00 სთ.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, ქეთევან ემუხვარს, ტელ: 2 47 35 55 (სამსახური), keti@gfsis.org
წყარო: jobs.ge