თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
„მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გამოსვლას საჯარო კანონმდებლობის რეგულირების ფართო სფეროდან, მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაურესებას, მაუწყებელში დაცული ინფორმაციის მისაწვდომობისა და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალედ წარმართვის გარანტიების შესუსტებას, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების გაუქმებას, არ შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ბუნებასა და ფუნქციებს და ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებს" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა აღარ გავრცელდება მაუწყებლის მიერ შეძენილ ტელერადიოპროდუქციაზე; გაუარესდება საზოგადოებრივი მაუწყებელში დაცული საჯარო ინფორმაციის მისაწვდომობის სტანდარტი; მაუწყებელზე აღარ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა; დაუსაბუთებლად გაფართოვდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის უფლებამოსილება; გაუქმდება საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის სპეციალური გარანტიები და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ცვლილებების გამჭვირვალე საპარლამენტო განხილვა, რომელზეც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი