თბილისი. IDFI აქვეყნებს გიორგი ლომთაძის ბლოგპოსტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით. მასალა ვრცლად მიმოიხილავს მაუწყებლის ფინანსური, ადამიანური რესურსების გამოყენებისა და რეფორმის მიმდინარეობის სხვა საკითხებს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ამ რეფორმის წარმატებაზე დამოკიდებულია, თუ რამდენად შეძლებს მაუწყებელი, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ფუნქცია - შექმნას და იყოს საჯარო სიკეთე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაიბრუნოს საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროსაც კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, დიდ წილად, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. მას არ გააჩნია 2016 წლამდე არსებული ფინანსური და სარეიტინგო მონაცემები, ხოლო არსებული მონაცემები მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა. ასეთ პირობებში, შეუძლებელია რეალური პრობლემების გამოვლენა და მათთვის სწორი გადაწყვეტილებების შერჩევა. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებების მიღება ინფორმაციულ ვაკუუმში გაგრძელდება, ყოველთვის იარსებებს ეჭვები იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილებები, მაგალითად, გადაცემების დახურვა, არა ობიექტურ გათვლებს, არამედ სუბიექტურ და პოლიტიკურ ფაქტორებს შეიძლება ემყარებოდეს", - ვკითხულობთ მასალაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი