თბილისი. ტელეკომპანია „ობიექტივში" გასულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას აქვეყნებს.
„15 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2” დამრღვევად იმის გამო ცნო, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში მის ეთერში პოლიტიკური რეკლამა გაუშვა. საქმე პრეცედენტული იყო და ამ გადაწყვეტილებით მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალათ.
მიუხედავად ამისა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში აქტიურად გადის სხვადასხვა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კონსტიტუციის ფორმირების საკუთარ ხედვაზე, ხელისუფლების შეცდომებზე და მაყურებლებს პარტიის მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით, ასევე, უნდა დაინტერესდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სახელმწიფო აუდიტის სამსახური", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი