თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბატონ რომან გოცირიძის კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით (goo.gl/As4XFk).
„კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული დროებითი მოდელის გაუქმებას, რომელიც მიბმულია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზე და რომელიც უნდა იყოს წინა წლის მშპ-ს არანაკლებ 0,14 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კრიტიკულად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს, დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული მექანიზმის გაუქმება. არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლების ხელში მაუწყებლისთვის ბიუჯეტის დამტკიცება/არ დამტკიცებით დამატებითი ბერკეტი გაჩნდება მასზე ზემოქმედებისა და გავლენის მოსაპოვებლად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში