თბილისი. სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართა.
„საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან. სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება შ.პ.ს. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს", - აცხადებს სახალხო დამცველი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი