თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, 2018 წლის 9 სექტემბერს, „დინამოს" სტადიონზე, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაშზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„აღნიშნულ თამაშზე გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, საზოგადოების ნაწილი მადლობის ნიშნად მხარდამჭერი დროშების და სხვა ატრიბუტიკის შეტანას სტადიონზე აპირებდა. თუმცა, ლგბტ აქტივისტების უმეტესობას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ლგბტ სიმბოლიკა ძალის გამოყენებით ჩამოართვეს და მათი სტადიონზე შეტანის საშუალება არ მისცეს", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „სამართალდამცავების მხრიდან ცენზურის მიუხედავად, სტადიონზე რამდენიმე აქტივისტმა მაინც შეძლო გარკვეული ატრიბუტიკის მალულად შეტანა. თუმცა, ლგბტ დროშის გაშლისას, აქტივისტებს აღნიშნული დროშა პოლიციამ წაართვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფებამოსილების გადამეტებას, რის შედეგადაც შეიზღუდა ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული ჩადენილი იყო დისკრიმინაციული მოტივით, რაც განპირობებული იყო ლგბტ თემისადმი მხარდამჭერი შეხედულებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ფეხბურთის ფედერაციის მითითებებით ხელმძღვანელობდნენ, რომელმაც გასცა გაფრთხილება ლგბტ თემის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სიმბოლიკის სტადიონზე არ დაშვების შესახებ. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, მათ ასეთი შეზღუდვა არ დაუწესებიათ".
წყარო: http://www.isfed.ge