თბილისი. 26 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა ანგარიშის პრეზენტაცია - „არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე".
„ანგარიშში გაანალიზებულია არასათანადო მოპყრობის ის საქმეები, რომელთა იდენტიფიცირებაც საიამ 2017-2018 წლებში მოახდინა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც არსებითად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის საქმეების ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციას.
ანგარიში მოიცავს თბილისში, გორსა და ბათუმში მიმდინარე 12 სისხლის სამართლის საქმის ანალიზს, რომლებშიც საია 2017-2018 წლებში ჩაერთო. აღნიშნულ საქმეებში იკვეთება სამართალდამცავთა და პენიტენციარული დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge