თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დროულად იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. დღეს, 7 ივნისს, გაიმართება კონკურსში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის სხდომა, რომელსაც რამდენიმე ეტაპად მოყვება ფარული კენჭისყრები საბჭოში. ამ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას - საბჭოში არჩევის კანონიერების საკითხსა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. 2019 წლის 14 მაისს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი. კოალიციის განცხადებით, ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია კანონის მოთხოვნები, რამდენადაც მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge