თბილისი. „საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების 70% სრულად შეუსრულებელია“, - ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.
„2019 წლის 2 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის ანგარიში, სადაც აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას“, - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „GRECO-ს პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა და აღნიშნულის შესახებ GRECO-ს სამდივნოსთვის ინფორმაციის მიწოდება. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, GRECO-მ შეაფასა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შესაბამისობის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ ორი წლის განმავლობაში სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ არ შეასრულა სამი, ხოლო ნაწილობრივ შეასრულა რვა რეკომენდაცია“.
წყარო: https://idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)