en
ge

მასშტაბური კამპანიის – ეს ქვეყანა შენია – პრეზენტაცია

მასშტაბური კამპანიის – ეს ქვეყანა შენია – პრეზენტაცია

თბილისი. 27 სექტემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენია!“ 

პრეზენტაცია. კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. 

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, კატალინ გერმანმა. მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირი რჩება სამოქალაქო საზოგადოების ახლო მოკავშირედ და მხარდამჭერად. ჩვენ თქვენ გეყრდნობით საუკეთესო საჯარო პოლიტიკისა და პროგრამების შექმნისას. ხოლო, როდესაც მათ განხორციელებაზე მიდგება საქმე, გვსურს იყოთ ჩვენი მუდმივი მეთვალყურეები და შესაბამისად, ხელისუფლება და საჯარო ინსტიტუტები გახადოთ უფრო ანგარიშვალდებული საკუთარი პასუხისმგებლობების მიმართ.“ 

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ გუნდის ლიდერმა, დავით აფრასიძემ ხაზი გაუსვა, რომ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობას, პოლიტიკურ დიალოგსა და ქვეყნის განვითარებაში მისი როლის გაძლიერებას. ეს კი შეუძლებელია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციისა და საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის გაზრდის გარეშე“. 

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა საზოგადოების დამოკიდებულება და სტერეოტიპები, რომელიც გავრცელებულია მოსახლეობაში, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. კვლევების საფუძველზე შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია. შეირჩა სოციალურად აქტიური ჯგუფები: სტუდენტები, ახალგაზრდობა, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მედია. განისაზღვრა თუ რომელი არხების და ინსტრუმენტების გამოყენებით ქცევის რა ცვლილებას გვინდა მივაღწიოთ თითოეულ სამიზნე ჯგუფში. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ აღნიშნა, რომ „სწორედ ამ სტრატეგიიდან გამოდინარე ჩამოყალიბდა სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (გაიზიარე პასუხისმგებლობა), რომელიც დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ (სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები) გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.“

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის მედია-პროდუქტები და აქტივობები, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კამპანიის წარმატებით განხორციელებას: 

•ალმანახი - “თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია ქართულ აზროვნებაში”; 

•მოკლე ონლაინ-სასწავლო კურსები ახალგაზრდებისათვის; 

•ონლაინ სასწავლო კურსი „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“ 

•ტელეგადაცემების ციკლი 11 რეგიონულ ტელევიზიაში; 

•საზოგადოებრივი ორგანიზაციების პიარ გზამკვლევი; 

•საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალი csogeorgia.org; 

•კამპანია სოციალურ მედიაში; 

•სარეკლამო და პრომო კამპანიები 

•კონკურსები ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, უფროსკლასელებისთვის და ა.შ. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები. მათი ჩართულობა გაზრდის კამპანიის მასშტაბს, გააჩენს პროცესში მათი თანაზიარობის განცდას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ძალისხმევის სინერგიას. ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე. 

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)