თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 13 სექტემბერს და წინა დღეებში მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. საია მიიჩნევს, რომ ამით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები დასტურდება.
„საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება“, - ხაზგასმულია ორგანიზაციის განცხადებაში, - „არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)