თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მუხროვანის მოვლენების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „...როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ვიდეო მასალის ავთენტურობის გარკვევის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაიგეგმა მუხროვანის სპეცოპერაცია, როგორ მოხდა მისი განხორციელება და წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება უნდა წარიმართოს ყოველმხრივ და გაირკვეს არა მხოლოდ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი, არამედ ვიდეომასალაში ასახული სხვა პირების ქმედებაში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები.
ყოველთვის არსებობდა შეკითხვები მუხროვანის მოვლენების მონაწილეთა მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. თუმცა, პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება, მთელი ძალისხმევის იქით მიმართვა, რომ მოხდეს სავარაუდო დამნაშავეთა დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge