თბილისი. 14 სექტემბერს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" და სლოვაკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „მემო 98–მა" მედია მონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიშის შედეგები წარადგინა. მონიტორინგის მიზანია დეტალურად გამოავლინოს, როგორ ხდება სხვადასხვა თემების გაშუქება წინასაარჩენო პერიოდში ტელეეთერით.
პირველ და მეორე შუალედურ ანგარიშში გაანალიზებულია 2012 წლის 1–15 ივლისისა და 23 ივლისი–5 აგვისტოს პერიოდში 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროის დაკვირვების შედეგები. ეს ტელევიზიებია: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი და მეგა ტვ.
მონიტორინგისას გამოყენებული იყო თვისებრივი ანალიზის მეთოდი. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ყველა ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის მერყეობს კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტს შორის.
პროექტი „მედია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის" ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით.