თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო თბილისში განხორციელებულმა ე.წ. რეიდებმა, რასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ჩატარება მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება. 2014 წლის 9 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე.
როგორც შსს-ს ოფიციალური წერილიდან ირკვევა, 2014 წლის 5 სექტემბერს გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 2014 წლის 5 სექტემბრის 18.00 სთ-იდან 7 სექტემბრის 18.00 სთ-მდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ჩატარების თაობაზე.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, ე.წ. „რეიდები" ორი დღის განმავლობაში, 5 სექტემბრის საღამოს 6 საათიდან 7 სექტემბრის საღამოს 6 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. საინტერესოა, რამდენად მოხდა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება სამართალდამცავთა მხრიდან.
შეესწარით თუ არა სხვა დღეებში პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა შემოწმებას ან ფლობთ თუ არა მსგავს ინფორმაციებს?"
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში