პირველი კანონპროექტი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“).
კანონპროექტის პირველი ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, შესაბამისად კანონპროექტის ინიციატორების მიერ, მისი გამოთხოვა ვერ მოხდება.
ამ შემთხვევაში, პირველ კანონპროექტზე უარის თქმის ერთადერთი მექანიზმი არსებობს – პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, კენჭისყრით მისი უარყოფა ანუ ჩაგდება.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად, კანონპროექტის ინიციატორებს 1 თვის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა კვლავ მოითხოვონ კანონპროექტის კენჭისყრა.
აქედან გამომდინარე, პირველი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოოდ უარყოფილად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის შემდეგ, ან თუ განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.
შესაბამისად, ამ კანონპროექტის პარლამენტის მიერ საბოლოოდ უარყოფისთვის აუცილებელია, რომ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას პარლამენტმა ჩააგდოს კანონპროექტი (ვერ დააგროვოს ხმების საჭირო რაოდენობა) და ერთი თვის ვადაში ინიციატორებმა აღარ მოითხოვონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მეორე მოსმენით განმეორებითი კენჭისყრა.
(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები).
მეორე კანონპროექტი („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“)
კანონპროექტის მეორე ვარიანტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ განხილულა, შესაბამისად, კანონპროექტის შემდგომი განხილვაზე უარის თქმის ყველაზე მარტივი მექანიზმია ინიციატორების მიერ მისი გამოთხოვა.
ამისათვის აუცილებელია, რომ კანონპროექტის ყველა ინიციატორმა ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოითხოვოს კანონპროექტი.
(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები).