en
ge

რატომ არის საზიანო ადრეულ ასაკში ქორწინება?

რატომ არის საზიანო ადრეულ ასაკში ქორწინება?

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ბავშვობის ასაკში 650 მილიონი გოგოა დაქორწინებული, 100 მილიონი გოგო ასეთი რისკის წინაშე დგას. რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება

ადრეულ ასაკში, ანუ ბავშვთა ქორწინება – გულისხმობს ქორწინებას, რომლის ერთ–ერთი ან ორივე მხარე 18 წელს მიუღწეველი პირია. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, 18 წლამდე ასაკის ადამიანი ითვლება ბავშვად. 

რა პრობლემებს ქმნის ადრეული ქორწინება?

მსოფლიო მასშტაბით, ბავშვობის ასაკში ქორწინების მსხვერპლები უმეტესად გოგონები არიან, თუმცა, ზოგჯერ, არასრულწლოვანი მამრობითი სქესისაა. არასრულწლოვანთა ქორწინება მიიჩნევა იძულებით ქორწინებად, რადგან ერთ, ან ორივე მხარეს არ გაუკეთებია სრული, თავისუფალი არჩევანი. 

ბავშვობის ასაკში ქორწინება გოგოებს ართმევს ბავშვობას და პირველ რიგში საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

გოგოები, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან უფრო ხშირად განიცდიან ოჯახში ძალადობას, ტოვებენ სკოლას და ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლეს განათლებაზე. ისინი ხშირად ოჯახისგან და მეგობრებისგან იზოლირებული არიან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელო მონაწილეობით მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობა ზიანდება. 

ბავშვობის ასაკში დაქორწინებულთა შორის ხშირია ადრეული ორსულობა და მშობიარობა. ამ დროს მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი, როგორც გოგოებისთვის, ასევე მათი ჩვილებისთვის. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით ორსულ მოზარდებს შორის მაღალია ავადობის რისკები, ამასთან მაღალია ჩვილ ბავშვთა მდგომარეობის გართულებაც.

 „15-19 წლის მოზარდ გოგონათა შორის მშობიარობის გართულებების გამო გარდაცვალების ალბათობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 20-24 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, უფრო ადრეულ ასაკში ორსულობის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (2017 წ.) გლობალურად, ორსულობის გართულებები 15-19 წლის გოგონათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. მოზარდ ასაკში ორსულობა და დედობა განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკის გოგონებს უჭირთ ბავშვისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“. 

როგორია მსოფლიო ტენდენცია და საქართველოში სიტუაცია?

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ბავშვობის ასაკში 650 მილიონი გოგოა დაქორწინებული, 100 მილიონი გოგო ასეთი რისკის წინაშე ისევ დგას. 

ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში იშვიათი არ არის. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით საქართველოში მცხოვრები 20–24 წლის დაქორწინებული ქალების 14%–მა 18 წლის შესრულებამდე შექმნეს ოჯახი. ასეთ ქორწინებებს ადგილი აქვს როგორც ქალაქად, ისევე სოფლად, თუმცა გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. 

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით კი , რომელიც სერვისების სააგენტოს სტატისტიკას ეყრდნობა – 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად საქართველოში 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს – 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მანძილზე – 189.

საქართველოს კანონმდებლობით საქორწინო ასაკად განსაზღვრულია 18 წელი, რამაც დადებითი გავლენა იქონია ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა, ზემოთაღნიშნული კვლევის მიხედვით, ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთა არარეგისტრირებულ ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას. 

გავუფრთხილდეთ ბავშვებს!!!

ამონარიდი საკუთარი ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებულის ჩვენებიდან: „გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგონები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამაინები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ და დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა“. 

წყაროები: 

მსგავსი პოსტები