en
ge

სსო მეტრი – 2023

სსო მეტრი – 2023

სულ ახლახანს გამოქვეყნდა სსო მეტრის 2023 წლის ანგარიში. შედეგების მიხედვით, როგორც 2022 წელს, ასევე 2023 წელსაც, საქართველოს სსო–ების, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის – საშუალო რისკის ქვეყნად რჩება.

2023 წელი საქართველოსთვის დინამიური მოვლენებით გამოირჩეოდა. 2023 წლის ბოლოს საქართველომ მიიღო ევროკავვშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც დიდი მიღწევაა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ „არაერთხელ დააფიქსირა ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი. სწორედ ამ სურვილის არსებობის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტების“ შესახებ, წლის დასაწყისში, ინიცირებულმა კანოპროექტმა დიდი შეშფოთება და ვნებათაღელვა გამოიწვია“, ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულმა კანონპროექტმა საფუძველი დაუდო ფართომასშტაბიან პროტესტს, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მონაწილეობდნენ: ახალგაზრდები, სტუდენტები, აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ისინი აქტიურად გამოხატავდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ თავიანთ პოზიციას. „პროტესტის ტალღებს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით უპასუხეს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის, ასევე - მასობრივ დაპატიმრებებს. (...) ამ მოვლენების ფონზე, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა შემოთავაზებული კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღებაზე“, აღნიშნულია ანგარიშში. რომელში, ასევე, ნათქვამია რომ, მიუხედავად საბოლოო შედეგისა, ამ პროცესებმა განგრძობითი, ნეგატიური გავლენა იქონია სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ სექტორს შორის თანამშრომლობაზე.

სსო მეტრის მიხედვით, ქვეყნის საერთო ჯამური ქულა, 2022 წლის შეფასების მსგავსია. 7 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით საქართველოში სსო გარემო 4.8 ქულით შეფასდა (საკანონმდებლო გარემო 5.2, პრაქტიკა – 4.3). თუმცა უფლებრივი სტანდარტების მიხედვით სურათი შეიცვალა.

რა შეიცვალა?

ქულები გაუარესდა შემდეგ სფეროებში: დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა (პრაქტიკის მიმართულებით ქულა შემცირდა 5,3-დან (2022 წელი) 5,1-მდე (2023 წელი), მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (პრაქტიკის მიმართულებით ქულა შემცირდა 3,9-დან (2022 წელი) 3,8-მდე (2023 წელი). ნეგატიური ცვლილებები დაფიქსირდა სახელმწიფოს მიერ დაცვის ვალდებულების სტანდარტში (პრაქტიკის მიმართულებით 3,9-დან (2022 წელი) 3,8-მდე შემცირდა (2023 წელი), ასევე, სახელმწიფო-სსო თანამშრომლობის კატეგორიაში (პრაქტიკის მიმართულებით ქულა შემცრიდა 3,9-დან (2022 წელი) 3,8-მდე (2023 წელი).

  • უფლებრივი სტანდარტების მიმოხილვა

7 ბალიანი შეფასების სისტემით ყველაზე მაღალი ქულა გაერთიანების თავისუფლების სტანდარტმა მიიღო – 6.1. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტი – 3.9 ქულით (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტი, 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, ერთი ქულით გაუმჯობესდა, საკანონმდებლო მიმართულების მიხედვით).

მშვიდობიანი შეკრების უფლება 
ჯამური ქულა – 4.5 (კანონმდებლობა – 5.2, პრაქტიკა – 3.8)

სიტუაციური მიმოხილვა

საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია მშვიდობიანი შეკრების საზოგადო უფლება. ამის პარალელურად, საქართველოში მოქმედებს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ადგენს დემონსტრაციების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებსა და ვალდებულებებს. საქართველოს კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას გაიმართოს როგორც დაგეგმილი, ისე სპონტანური ტიპის შეკრებები და დემონსტრაციები, ასევე შეკრება განხორციელდეს როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. მშვიდობიანი შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

რომლებიც მოსაგვარებელია. მათ შორისაა, მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაპატიმრების პრაქტიკა, რომლის მაგალითები 2023 წელს შეგვხვდა „უცხოელი აგენტების კანონის“ პროტესტთან დაკავშირებული მოვლენებთან და ლგბტქ+ პირთა შეკრების უფლებასთან მიმართებით. იმის გათვალისწინებით, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა უკანონო დაკავებების შემთხვევები, უფლებრივი სფეროს პრაქტიკის მიმართულებით შეფასების ქულა 3,9-დან 3,8-მდე შემცირდა, რამაც 0,1 ერთეულით (4,6-დან 4.5-მდე) შეამცირა ჯამური ქულაც.

ამასთან, აღსანიშნავია „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონში ახლად ინიცირებული ცვლილებები, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დემონსტრაციის დროს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების „აშენება“. მოცემული აკრძალვა შემზღუდველია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. თუმცა იმის გამო, რომ ცვლილებები ჯერ არ არის მიღებული, კანონმდებლობის მიმართულებით სფეროსთვის მინიჭებული ქულა უცვლელი რჩება.

რეკომენდაციები:

  • სახელმწიფომ უნდა მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისობაში იქნება. 
  • სახელმწიფომ ურყევად უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, კანონიერი ფორმების გამოყენებით გაუმკლავდეს საჯარო პროტესტს, შევიდეს მოლაპარაკებაში საზოგადოებასთან და შეზღუდოს პოლიციის გადამეტებული რეაგირების შემთხვევები აქციებზე;
  • ყველა საქმე, რომელიც ეხება სამართალდამცავების მიერ დემონსტრაციების დროს უფლებამოსილების გადამეტებას, დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ;
  • საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს ეროვნული კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და უკეთ დაარეგულიროს სპონტანურ შეკრებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, უნდა დადგინდეს გამონაკლისი თვითმმართველობის ორგანოს ადრეული გაფრთხილების ზოგადი წესიდან და მშვიდობიანი შეკრებებისა და დემონსტრაციების მონაწილეებს უნდა მიეცეთ საშუალება გადაკეტონ გზატკეცილი შეტყობინების გარეშე მაშინ, როდესაც შესაბამისი ორგანოების წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია;

სახელმწიფოს მიერ დაცვის ვალდებულება
ჯამური ქულა 4.4 (კანონმდებლობა – 5.0, პრაქტიკა – 3.9)

სიტუაციური მიმოხილვა: 

კანონი პირდაპირ ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დაიცვას მედიის წარმომადგენლები, სსო-ები და მასთან დაკავშირებული პირები ნებისმიერი სახის პოტენციური ზიანისგან. თუმცა, უფლებრივი სფეროს ფარგლებში აქამდე მინიჭებული ქულა შემცირდა საანგარიშო წელს დაფიქსირებული რამდენიმე პრაქტიკული შემთხვევის გათვალისწინებით. ერთი მხრივ საარსებო გარემოს ფარგლებში დაფიქსირდა მშვიდობიან პროტესტანტებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები, მეორე მხრივ, მიუხედავად სახელმწიფოს თავდაპირველი განზრახვისა, უზრუნველეყო ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით გასაწევი სამუშაოების თემაზე სსო-ბთან ღია მსჯელობისა და დიალოგის შესაძლებლობა, პრაქტიკულად ეს განზრახვა არ შესრულებულა, საჯარო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი ინიციატივის ნაკლებობისა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების უეცარი შეწყვეტის გამო. მოცემულის გათვალისწინებით, პრაქტიკის მიმართულებით ქულა შემცირდა 3,9-დან - 3,8-მდე, რამაც გამოიწვია საერთო ქულის შემცირება 4,5-დან - 4,4-მდე.

რეკომენდაციები:

  • სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა საჭირო ზომა, რათა შექმნას სტაბილური და ქმედითი მექანიზმები სსო-ების წარმომადგენლების სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან დასაცავად, რომლებიც შეინარჩუნებს ეფექტურობას მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება პოლიტიკური თუ სოციალური გარემო. 
  • სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, სამთავრობო ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმა და შევიწროება, გააძლიერონ კრიტიკული სსო-ების მონაწილეობა მმართველობით პროცესებში და უზრუნველყონ უსაფრთხო და ცოლისწამებისა და დისკრედიტაციისგან თავისუფალი გარემოს არსებობა სამოქალაქო ორგანიზაციების და უფლებადამცველების საქმიანობისთვის. 
  • MONEYVAL-ის ინსტრუქციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია სსო-ის წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს მათი ჩართულობა საქმიანობის ყოველ ეტაპზე.

დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა
ჯამური ქულა: 5.6 (კანონმდებლობა – 6.0, პრაქტიკა 5.1)

სიტუაციური მიმოხილვა: 

ითვლება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) აქვთ წვდომა ადგილობრივ და საერთაშორისო, საჯარო და კერძო ტიპის ფინანსურ წყაროებზე, სხვადასხვა ფორმით.

თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მხოლოდ ინიცირებაც კი, საკმარისი იყო ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო დაფინანსების მოქმედი მექანიზმებისთვის საფრთხის შესაქმნელად. ამგვარ კანონმდებლობას ჰქონდა რეალური პოტენციალი, ხელი შეეშალა სსო-ების საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსებისთვის, შეეზღუდა მათი ეფექტურობა და სსო–თა ფინანსური თვითმყოფადობა.

ვინაიდან მსგავსი შინაარსის რეგულაციების ხელახლა ინიცირების შესაძლებლობა სრულად არ არის აღმოფხვრილი, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი ხასიათის კანონმდებლობამ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების მდგრადობასა და ავტონომიაზე, ფინანსური ნიშნით.

უფლებრივი სფეროსთვის მინიჭებული საერთო ქულა შემცირებულია იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული კანონპროექტით, იმ სსო-ებთან მიმართებაში რომლებიც საერთაშორისო დაფინანსების გზით იღებენ სახსრებს, ნეგატიური შინაარსის რიტორიკაა განვითარებული. ამ ნიშნით, შეფასება, რომელიც 2022 წელს 5.3-ს შეადგენდა, საანგარიშო პერიოდში 5.1-მდე შემცირდა.

ამ სფეროს ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილმა ნეგატიურმა სოციალურმა დამოკიდებულებამ სსო-ებს არ შეუქმნას პრობლემა უცხოური თუ ადგილობრივი დაფინანსების წყაროების გამოყენების პროცესში.

რეკომენდაციები:

  • მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი კანონის ან რეგულაციის მიღებისგან, რომელიც უკანონოდ ზღუდავს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის უცხოური დაფინანსების მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას.
  • სახელმწიფომ უნდა აღიაროს და მხარი დაუჭიროს სსო-ებისა და არარეგისტრირებული გაერთიანებების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას, მათ შორის ფილანტროპიის ხელშეწყობით, სოციალური მეწარმეობის კონცეფციის აღიარების გზით და ა.შ. და მოცემუ-ლი პრაქტიკაში აღსასრულებლად დააწესოს აუცილებელი საკანონმდებლო გარანტიები.

სახელმწიფოსა და სსო–ებს შორის თანამშრომლობა
ჯამური ქულა: 4.0 (კანონმდებლობა – 4.2, პრაქტიკა – 3.7).

სიტუაციური ანალიზი:

საქართველოს ამჟამად აკლია სტანდარტიზებული ინსტრუმენტები და ყოვლისმომცველი სტრატეგია სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს უნიკალური საკანონმდებლო ბაზა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სახით, რაც ხელს უწყობს სსო-ებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობას, პრაქტიკაში მოცემულის ეფექტური განხორციელება ვერ ხერხდება, შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესრულების ვალდებულების არარსებობის გამო.

პოლიტიკური ნების და ინსტიტუციური მავალდებულებელი მექანიზმების დეფიციტი მთავარი ფაქტორია, რომელიც იწვევს საკითხის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას და მოსაზრებას, რომ OGP საქართველოს მაგალითზე არაეფექტურია. შესაბამისად, ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობის გამო, ერთობლივი ძალისხმევის რეალური შედეგები, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე უპირატესად დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღებთა დისკრეციაზე.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა არ ისურვეს პოლიტიკურ დიალოგში კრიტიკულად განწყობილ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მონაწილეობა, რაც სამომავლოდაც შექმნის არახელსაყრელ გარემოს შესაბამის საკითხთა ადვოკატირების მიზნით, პროცესში ჩართული სსო-ებისთვის. თუმცა, სსო-ებისთვის, რომლებიც ნაკლებად არიან ორიენტირებულნი პოლიტიკურად მგრძნობიარე რეფორმებზე, წარმატებული თანამშრომლობითი პროცესის წარმოების ალბათობა, უფრო მაღალია.

სახელმწიფოსთან მდგრადი თანამშრომლობითი პრაქტიკის განვითარება, სულ უფრო რთული ხდება. გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ იმოქმედა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებამ სსო-ებსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაზე. მოცემულის ფონზე კიდევ უფრო მწვავდება ამ უფლებრივი სფეროს ფარგლებში გამოვლენილი გამოწვევების მნიშვნელობა.

რეკომენდაცია:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობამ, პატივი უნდა სცეს და უპასუხოს საკუთარ ვალდებულებებს OGP-ის ფარგლებში, მათ შორის OGP-ის სამოქმედო გეგმის მიღებით და გამოყოს მოცემულისთვის საკმარისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები.


სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023 (ინგ)

ანგარიში მომზადდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 

დოკუმენტი შეიქმნა პროექტის: „CSO მეტრი: ხელსაყრელი გარემოსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეგზური“ ახორციელებს არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL). დოკუმენტი მომზადებულია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.




მსგავსი პოსტები