ხევსურეთში მდებარე ცისკარაულების საგვარეულო კოშკმა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მოიპოვა.
კოშკის აღდგენის პროექტმა, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების საპრიზო ნომინაციაში მიიღო.
2001 წელს რუსული ჭურვით დაზიანებული შუასაუკუნეების ძეგლის აღდგენა, დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია.
პროექტი განხორციელდა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელში არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ეროვნული ფონდის“ მიერ, საერთაშორისო პარტნიორებთან - ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), „რამპართან“ (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია „სიდლეცინის კოშკებთან“ (Ducal Tower in Siedlecin, პოლონეთი) - თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფონდის „ალიფის“ (ALIPH Foundation) - მიერ.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი ერთ–ერთი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ პატივს სცემს, უფრთხილდება და ეხმარება ევროპა ჩვენს ქვეყანას და კულტურულ მემკვიდრეობას.