en
ge

იაკობ ზუბალაშვილი და ლუვრი...

იაკობ ზუბალაშვილი და ლუვრი...

ალბათ, ბევრს არ სმენია იაკობ ზუბალაშვილის შესახებ. დღეს მოგიყვებით თუ რა აკავშირებს მას წიგნიერების გავრცელებასთან და ლუვრთან.

ზუბალაშვილების გვარი გამორჩეულია, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ხუთ ათეულამდე ზუბალაშვილი მაინცაა ცნობილი, რომლებიც კომერციით, მეწარმეობით, ქველმოქმედებითა და მეცენატობით იყვნენ დაკავებულნი. ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ „საქართველოში ბევრია მდიდარი, მაგრამ ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი არავინაა“.

მათ შორისაა იაკობ ზუბალაშვილი, მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა თავისი წინაპრების, ძმების მსგავსად ქველმოქმედი იყო. 1876 წელს დაიბადა და ცხოვრების პირველი ნახევარი საქართველოში განვლო. მან წიგნიერების გავრცელების კუთხით დიდი წვლილი შეიტანა, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საგამომცემლო ამხანაგობა „ცისკარი“, ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა „ივერიას“, „მოგზაურს“, „ნაკადულს“, გეგმავდა საქართველოს ენციკლოპედიის გამოცემასა და მასზე მრავალი წელი მუშაობდა, აქტიურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს.

ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა. მხატვრობითა და მუსიკით გატაცებული იაკობი აგროვებდა უნიკალურ ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებს, გრავიურებს და ხელოვნების სხვა ნიმუშებს. რომელთა ნაწილს პარიზის სიძველეთასაცავებს – ლუვრს, ორსეს მუზეუმს, პეტი პალესა და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმს ხშირად ჩუქნიდა, ნაწილს კი აუქციონებზე ყიდდა.

ლუვრისთვის 581 ნახატი გადაუცია, რისთვისაც იგი, როგორც „ხელოვნების მფარველი“, 1920 წელს საპატიო ლეგიონის მედლით დააჯილდოვეს, მოგვიანებით ლუვრის მეგობართა საზოგადოების საბჭოს წევრად აირჩიეს. ფრანგული სამყარო ქართველ მრეწველს, კომერსანტსა და ქველმოქმედს ჟაკ მიშელ ზუბალოვის სახელით იცნობს.

იგი, როგორც ბაქოს ნავთობსაბადოების მეწილე, ძირითადად ამ ოჯახური ბიზნესიდან მიღებული დივიდენდებით ცხოვრობდა. 30–იან წლებში მისმა შემოსავლებმა მკვეთრად იკლეს – მეცენატმა და ქველმოქმედმა სიცოცხლის ბოლო წლები გაჭირვებაში გაატარა.

ლუვრში, ერთ–ერთი საექსპოზიციო დარბაზის კედელზე ამოტვიფრულია მუზეუმის შემომწირველთა ვინაობა, რომელთა შორისაა იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. პეტი პალეს ერთ–ერთი დარბაზი კი „ზუბალაშვილის დარბაზად“იწოდება.

წყარო: https://bit.ly/3kJLegu

მსგავსი პოსტები