en
ge

რა შეცვალა სსო–ებისთვის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილმა ცვლილებებმა

რა შეცვალა სსო–ებისთვის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილმა ცვლილებებმა

2023 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ კანონში. რომლის მიხედვითაც არასამეწარმეო იურიდიული პირი აღარ არის ვალდებული სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან. შესაბამისად, არასამეწარმეო იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის და ამის განუხორციელებლობა არ გამოიწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას. რაც შეეხება სხვა სუბიექტებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა), მათთვის ამ ვალდებულების შესრულება ძალაში რჩება და ვალდებულების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 1 აპრილამდე.

ცვლილება პარლამენტმა, შესაბამისობაში მოყვანისთვის დადგენილი ძირითადი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მიიღო. განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის რეგისტრაცია 16, 667 სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტმა უზრუნველყო. „დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი 776, 375 სუბიექტის მონაცემი“, მათ შორის მოხსენიებულია 27, 929 არაკომერციული იურიდიული პირი. განმარტებით ბარათში სამეწარმეო სუბიექტებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ მათი გარკვეულ ნაწილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებს და არასწორ სურათს ქმნის, მეწარმეთა რეესტრის დაზუსტების საშუალებას იძლევა სარეგისტრაციო მონაცემთა კანონთან მოყვანის პროცესი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2023 წლის ივლისში გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირად დარეგისტრირებულია 30, 258 ორგანიზაცია. თუმცა მათგან რამდენი სუბიექტი ფუნქციონირებს რეალურად – უცნობია. 2021 წელს მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონს გარკვეული ფილტრაციის როლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ამ პროცესს, შესაძლოა, მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციები დაეზარალებინა და მათი მუშაობისთვის საფრთხე შეექმნა. ამასთან, ეს ვალდებულება რეალურად ფუნქციონირებადი ორგანიზაციების დადგენის ერთ–ერთი ყველაზე რთული და არაპროპორციული ვარიანტი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონის შინაარსობრივი მოთხოვნები უმნიშვნელოდ ვრცელდება არასამეწარმეო იურიდიულ პირზე.

სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის მოიხსნა, ნებაყოფლობითი გახდა. ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი თუ რა გავლენა მოახდინა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თავდაპირველმა მოთხოვნამ სსო–ების ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსზე. ცნობილია ის გარემოება რომ, რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმრავლესობისთვის კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია პრობლემურ საკითხს წარმოადგენს და კანონის თავდაპირველი მოთხოვნის აღსრულებაც რთული იქნებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის მოიხსნა,მაგრამ თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სურს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (2022 წლის 1 იანვრიდან) რეგისტრირებული სუბიექტებისთვის გათვალისწინებული შესაძლებლობებით სარგებლობა (მაგ: ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის ქონა და სარგებლობა), მაშინ მას მაინც მოუწევს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა ამის განხორციელება მას ნებისმიერ დროს შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სუბიექტების რეგისტრირებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ღირებულება 2022 წლის მაისიდან გაიზარდა.

განმარტებითი ბარათი 

ცვლილება


მსგავსი პოსტები