ორგანიზაცია მირაბალდების მთავარი მიზანი ძალადობა გამოვლილი ქალების გაძლიერება და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციაა. ორგანიზაცია სამი დომინიკელი აქტივისტი დის სახელობისაა, რომლებიც ჯერ კიდევ XX საუკუნეში იბრძოდნენ ძალადობის წინააღმდეგ.
“წარმოუდგენლად რთულია იყო ქალი, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ძალადობა ყოველდღიურობაა, სადაც შენი მოვალეობა მხოლოდ სახლში ჯდომაა, სადაც შენი ერთადერთი ღირებულება სილამაზეა, სადაც შეიძლება მოგკლან კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის თანდაყოლილი და ბუნებრივი უფლება - თავისუფლება გინდა.
წლებია ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტზე, მათ შორისაა: სოციალური საწარმო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში ბიბლიოთეკების გახსნისა და ამავე თავშესაფრებში გარემოს გაუმჯობესების მიზნით კედლების მოხატვაზე.
ჩვენი ორგანიზებით, ქართველი პოლიტიკოსი ქალის - მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა თბილისში მდებარე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში. აღნიშნული სივრცის მიზანია, თავშესაფარში მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ, წიგნები წაიკითხონ, აზრები გაცვალონ. უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტისთვის საჭირო ფინანსები გერმანელი ემიგრანტების დახმარებით შეგროვდა.
საქართველოში ამ ტიპის სულ 5 თავშესაფარია, ორგანიზაცია გეგმავს ყველა მათგანში ქართველი პოლიტიკოსი ქალების სახელობის ბიბლიოთეკები მოაწყოს. ჩვენი სოციალური პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რისი სხვისთვის გადაცემაც ღირებულია. თქვენ შეგიძლიათ ვინმესთვის გახდეთ შთაგონების წყარო, ბიძგის, იმპულსის მიმცემი, მოტივატორი.“
ორგანიზაციის ერთ–ერთი ბოლო სოციალური კამპანია უკრაინას უკავშირდება.
„მირაბალდების“ სურვილი იყო, რომ უკრაინელი ხალხისთვის გაგვეგზავნა არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების ნივთები, არამედ შინაგანი სიმტკიცის გამოხატულებაც. ასე შეირჩა ჩვენს გზავნილად „მინადორები“. სწორედ ამ ფორმით მოხერხდა, რომ ახლა უკრაინელი ქალები ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალის მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ილუსტრაციით გაფორმებულ წინდებს ატარებენ.
ჩვენ გვჯერა, რომ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები იმ პატარა გოგონების სუპერგმირებად იქცევიან, რომელთაც დიდი ოცნებები აქვთ; ამ ეტაპზე, უკრაინელ გოგონებთან ერთგვარი „ელჩის“ სახით კი მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ფიგურა დავაკავშირეთ.“- აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო სალუქვაძემ.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია