სიღნაღიდან ორ კილომეტრში, ბოდბის მონასტრიდან ხელმარჯვნივ და ზევით მიმავალ გზას თუ დაადგებით ქედელის დასახლებას მიადგებით, ადგილობრივების თქმით ოდესღაც სოფელი იმდენად დიდი იყო, რომ მას ქუჩებიც კი „ყოფდა“, ვერ გეტყვით ასვლის შემდგომ რომელ ქუჩაზე აღმოჩნდებით, მაგრამ როგორც კი ცოტას გაივლით, ჭიშკარი შემოგვხვდებათ და იქიდან ჯერ ცნობისმოყვარე მომზირალ თვალებს, შემდეგ კი მომღიმარ სახეებს წააწყდებით... ისინი თემი „ქედელის“ ბენეფიციარები (მაცხოვრებლები) არიან.
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაცას ამოწურავ, დაამთავრებ და ... რაღაც ახალი გინდა დაიწყო“, იხსენებს ლალი ხანდოლიშვილი, „ქედელის“ დამფუძნებელი. „ორგანიზაციის შექმნა იმ დროს დაემთხვა, როცა თითქოს დრო იყო გაჩერებული, არაფერი არ ხდებოდა, სიბნელეში ვიყავით. მართალია სამუშაო მქონდა, მაგრამ რაღაც ახლის კეთება მსურდა...“, დასძენს იგი. ლალიმ გადაწყვიტა, რომ თბილისში სოციალური თერაპიის სახლში დაეწყო მუსიკალურ თერაპევტად მუშაობა.
სოციალური თერაპიის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მოზრდილებს ემსახურება, ისინი მთელ დღეს იქ ატარებენ, მათი მშობლების დარდმა კიდევ ერთი ვირტუალური აგური „დადო“ „ქედელის“ საძირკველში. მაგრამ შემთხვევა, რომელიც ლალი ხანდოლიშვილის სიახლოვეს მოხდა გადამწყვეტი აღმოჩნდა – მეზობლად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა დედისა და ბებიის გარეშე, ანუ მარტო დარჩა. ამას მოჰყვა ფიქრიც და კეთებაც... ლალიმ და მისმა მეუღლემ სოფელ ქედელში, ოჯახის კუთვნილი მიწა შემოწირულობის სახით ორგანიზაციას გადასცეს. შემდეგ უცხოეთში წავიდა გამოცდილების მისაღებად.
ერთ დღეს გამოჩნდა გერმანელი სოციალ-თერაპევტი, რომელიც დარწმუნდა, რომ ეს იყო ის საქმე, რომლისთვისაც ფული უნდა გაეღო... ქედელში იყიდეს მიწის ნაკვეთები და ერთი პატარა, ძველი სახლი, რომელიც ზანზარებდა და წყალიც ჩამოდიოდა... ასე დაიწყეს ორგანიზაციის აწყობა... უცხოელებმა მათთვის ფონდი შექმნეს, თანხების მოძიება დაიწყეს...
„პირველი მიშა მოიყვანეს ნათესავებმა წყალტუბოდან, მას მშობლები არ ჰყავდა. ჯერ ჭერიც არ ჰქონდა სახლს, მაგრამ უკან ვერ გავუშვით“, – იხსენებს ლალი ხანდოლიშვილი. შემდეგ ნაწილი კასპის ფსიქონევროლოგიური პანსიონატიდან, სენაკის ბავშვთა სახლიდან, ფონდ „პირველი ნაბიჯის“ ზრდასრული ბენეფიციარები გადმოიყვანეს. ასე გამრავლდა თემი...
დღეს უკვე 28 ბენეფიციარი ცხოვრობს და სამი სახლი აქვთ, რომლებიც ჰოლანდიელი და გერმანელი მეგობრების დახმარებით ააშენეს. თემის წევრებმა მიტოვებული სოფელი „გამოაცოცხლეს“ და თანდათან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დაიწყეს მზადება. მათგან ნაწილი კულინარიას სწავლობს და პურის ცხობაში იღებს მონაწილეობას, ნაწილი ნათესებს ან ფერმას უვლის, საქსოვ ან ხის სახელოსნოების მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
ორგანიზაციას შემოსავლები დივერსიფიცირებული აქვს – ბენეფიციარების მოვლისთვის სახელმწიფო ვაუჩერულ სისტემაშია ჩართული, ამავე დროს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში იღებს მონაწილეობას და რაც მთავარია, ადგილობრივი და უცხოელი მეგობრების შემოწირულობები. ახლაც ბელგიელი სოციალ- თერაპევტი, რომელიც სამშობლოში ანალოგიურ ორგანიზაციაში მუშაობს, თემისთვის ინვესტიციებს ეძებს, რათა მეოთხე სახლიც აშენდეს და ბენეფიციარებმა ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრონ.