en
ge

საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა

საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა

ახლახანს გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს შეფასების (CSO Meter) უახლესი ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში გარემო 7-დან 4,7 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 5,2 ქულა, პრაქტიკა 4,3 ქულა). რაც, შედეგების მიხედვით, საშუალო რისკის გარემოზე მიუთითებს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის ინსტრუმენტი მოიცავს 11 უფლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ფასდება როგორც კანონმდებლობა, ასევე, პრაქტიკა. სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტი უნიკალური მექანიზმია და მისი მიზანია უზრუნველყოს სსო-ების გარემოზე მუდმივი, თანმიმდევრული მონიტორინგის შესაძლებლობა. შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

ერთ-ერთი პრინციპი სსო-ების სახელმწიფო მხარდაჭერაა, რომლის მიხედვით საქართველოში არსებული გარემო 4.2 ქულით შეფასდა (საკანონმდებლო 4.4, ხოლო პრაქტიკა 4.0) და მონაცემების მიხედვით წინსვლა არ შეინიშნება. აღნიშნული პრინციპი რამდენიმე სტანდარტს აერთიანებს, მათ შორისაა სსო-ების ფინანსური და არამატერიალური სახელმწიფო მხარდაჭერისთვის ეფექტიანი და მრავალფეროვანი მექანიზმების კუთხით არსებული გარემო.

ანგარიშის მიხედვით, სსო–ებისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმი (გრანტი, სუბსიდიები, სახელმწიფო შესყიდვები, ვაუჩერეული სისტემა, ე.წ. „პროგრამული დაფინანსება“), თუმცა მუნიციპალიტეტებს კვლავ არ შეუძლიათ გრანტების გაცემა.

ადგილობრივი სსო-ების და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი ისევ მოუგვარებელია. არადა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხშირად მუნიციპალური ხელისუფლების მთავარ პარტნიორებს წარმოადგენენ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტისას. ასეთ შემთხვევებში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ მიზნისთვის გამოყენებულია დაფინანსების ნაკლებად ეფექტიანი მექანიზმები (ვაუჩერული სისტემა, სახელმწიფო შესყიდვა) ან პროგრამული დაფინანსების არსებული პრაქტიკა ნაკლებად გამჭვირვალეა.

პროგრამული დაფინანსების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს და გავლენას ახდენს სსო-ების იმიჯსა და საქმიანობაზე, ამ პრაქტიკის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა ხელს შეუწყობდა  დაფინანსების დაგეგმვისა და გაცემის პროცესის მეტ გამჭვირვალობას და სანდოობას. ასევე, რიგ შემთხვევებში, ხელს შეუწყობდა მუნიციპალიტეტის ფუნქციების უკეთ განხორციელებას, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რესურსების გაერთიანების გზით საზოგადოებრივად სასარგებლო ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას.

ანგარიში მოიცავს სარეკომენდაციო ნაწილსაც, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო დაფინანსების ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტები, რომელიც უნდა აერთიანებდეს მკაფიო სახელმძღვანელო მითითებებს გრანტის მინიჭების პროცესისთვის (მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღება, შერჩევის კრიტერიუმების წინასწარი განსაზღვრა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, გამჭვირვალობა და ა.შ.) დისკრიმინაციული და თვითნებური გადაწყვეტილებების პრევენციისა და შემდგომი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების ინსტიტუციონალიზაციისთვის.

ამავე დროს, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტის გამცემ სუბიექტებს მუნიციპალიტეტებიც უნდა დაემატოს.

სსო მეტრი:  ქვეყნის ანგარიში 2021...



მოამზადა: თეკლე ქაროსანიძემ


მსგავსი პოსტები