თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიციის ინფორმაციით, 2022 წლის 7 ივლისს, პირველი არხის ეთერში, პოლიტიკური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ჩართვისას, არხის წამყვანს, თამთა სანიკიძეს არაერთხელ მიუთითა კითხვების ფორმულირების ცვლილებისკენ და უხეშად მიმართა.
კოალიციის ცნობით, 2022 წლის 7 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნედ იქცა მთავარი არხი და მისი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილიც. ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი, „ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან - პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს, მედიის წამომადგენლებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.
„ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იწვევს უარყოფით შედეგს, რომელსაც საზოგადოებაზე აქვს გავლენა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას. ამასთან, წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმაციისა და იდეების მიღების უფლებაში ჩარევას.
კოალიცია მოუწოდებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას“, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში