თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „პოლიტიკური 8 მარტი".
„საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და უქმე დღეა; თუმცა, დიდი ხანია, რაც 8 მარტი ქალებისთვის სიმბოლური საჩუქრების ან მათ მიმართ პატივისცემის აღნიშვნის სხვა ზედაპირულ ფორმებთან გაიგივდა და დეპოლიტიზებული სახე მიიღო. ამ დღეს, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის და შრომით უფლებებს უშუალოდ უკავშირდება, აღინიშნება ბრძოლა ქალთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ემანსიპაციისთვის – ბრძოლა, რომელიც ყოველდღიურად წარმოებს. EMC მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ამ დღეს დაუბრუნდეს თავდაპირველი პოლიტიკური მნიშვნელობა და მოხდეს ქალთა ჩაგრული უმრავლესობის – მათ შორის, ექსპლუატირებული კლასების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, სხვადასხვა სექსუალობისა და ტრანსგენდერი ქალების, მიგრანტი ქალების,შეზღუდული შესაძლებლობის ქალების – საჭიროებების გათვალისწინება და მონაწილეობა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge