en
ge

ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ნოემბრის თვეში, სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები სამი თემატური მიმართულებით გამოავლინა. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანმა ვებპორტალმა CsoGeorgia.org ახალგაზრდობის სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პროგრამის დაგეგმვის, მომზადების და შემდგომი ეტაპების შესახებ.


როგორ განისაზღვრა ახალგაზრდობის და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემების აქტუალურობა?

  • სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ, ახალგაზრდობისა და  ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის მიზნით, 2022 წელს  გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემების  აქტუალურობა განისაზღვრა სააგენტოს მიერ, 2020 წელს  ჩატარებული „ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესების და რესურსების კვლევის“ მიხედვით, რომლის შესაბამისადაც, რეგიონებში გამოკითხული ახალგაზრდების უმეტესობამ დაასახელა ახალგაზრდული სივრცეებისა და კულტურულ- შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართულობის საჭიროება. ასევე, მესამე  თემატურ  მიმართულებას საფუძვლად დაედო კონფლიქტით დაზარალებული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისა და  ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის/ჩართულობის გაზრდისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზანი;

კონკურსი 12 აგვისტოს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა - 1 თვით, 12 სექტემბრამდე განისაზღვრა, საბოლოოდ კი, განაცხადების მიღების ვადამ სამი დღით გადაიწია... რა მიზეზით გახანგრძლივდა განაცხადების მიღების ვადა?

  • განაცხადების მიღების ეტაპზე, განმცხადებლებს ჰქონდათ როგორც ტექნიკური, ისე   შინაარსობრივი ხასიათის შეკითხვები და მათთვის სრულყოფილი საგრანტო პროექტების  წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის მიზნით, განაცხადების მიღების ვადა სამი დღით გახანგრძლივდა.

სააგენტოს სოციალური გვერდის გარდა, რა საშუალება გამოიყენეთ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად?

  • კონკურსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს სოციალური გვერდების მეშვეობით.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ თუ გაგიწევიათ კონსულტაციები დაინტერესებული პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის და რა სახით? ძირითადად, რა კითხვები აქვთ ხოლმე განაცხადის შევსების მსურველებს?

  • კონკურსის მიმდინარეობისას, სააგენტოს შესაბამისი მიმართულების თანამშრომლები მუდმივად უწევდნენ კონსულტაციას დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს, როგორც  ელექტრონული ფოსტის, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. მიუხედავად იმისა,  რომ თითოეული თემატური მიმართულების არსობრივ დოკუმენტში დეტალურად იყო გაწერილი განაცხადის წარმოსადგენად საჭირო ინფორმაცია, განმცხადებლების ძირითადი  შეკითხვები იყო  თუ ვის შეეძლო კონკურსში მონაწილეობა, რა ხანგრძლივობისა და  რა  ბიუჯეტის შეიძლებოდა ყოფილიყო პროექტი, როგორ  დაერეგისტრირებინათ ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ უარის შემთხვევაში, არა მხოლოდ ქულათა სისტემით, არამედ სიტყვიერადაც უნდა იყოს ახსნილი - თუ რა მიზეზით ვერ გავიდა ესა თუ ის პროექტი/იდეა კონკურსში. ეს პრაქტიკა მათ საშუალებას აძლევთ, დაინახონ დამუშავებული საპროექტო წინადადების ხარვეზები, რაც მომავალში უკეთესი განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას ზრდის. ახალგაზრდობის სააგენტოს შემთხვევაში როგორია პრაქტიკა? თვლით თუა არა საჭიროდ სიტყვიერ უკუკავშირს, განმარტავთ თუ არა უარის მიზეზებს?

  • წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები შეფასდა ქულათა სისტემის მეშვეობით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რომელთა შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა განმცხადებლისთვის. დადგენილი იყო შეფასების 5 კრიტერიუმი, თითოეულ კრიტერიუმზე მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 20 ქულით, საერთო მაქსიმალური ქულა კი - 100 ქულით. შეფასების თითოეულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულით შესაძლებელი იყო პროექტის სუსტი ნაწილის იდენტიფიცირება, კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სააგენტოდან გამოეთხოვათ საკუთარი პროექტის შეფასების ფორმა და დეტალურად გაცნობოდნენ   თითოეულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციას.

როგორ, რა მექანიზმით შეფასდება განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და თუ იყენებთ მსგავს მონაცემებს, მომავალში საგრანტო პროგრამის პრიორიტეტების განსასაზღვრად?

  • სააგენტოში დამტკიცდა „ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების მონიტორინგის წესი, რომლის მიხედვითაც, დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის პერიოდში, ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, წარმოადგინონ შუალედური და საბოლოო ნარატიული/ფინანსური ანგარიშები, ასევე, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება გასვლითი მონიტორინგი და პროექტის მიმდინარეობის ადგილზე შემოწმება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტის დასრულების შემდეგ, მეორე საანგარიშო პერიოდში, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში, სააგენტო ამოწმებს, თუ რამდენად იქნა მიღწეული პროექტით გათვალისწინებული მიზნები, ასევე, დაფინანსებული ორგანიზაციები პროექტის ოფიცერს წარუდგენენ ნარატიულ ანგარიშებს. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად ხდება პროექტების ეფექტიანობის    შეფასება და მომდევნო საგრანტო პროგრამის შემუშავების დროს ამ ინფორმაციისა და დეტალების გათვალისწინება.



 

მოამზადა თეკლე ქაროსანიძემ

მსგავსი პოსტები