„გმირობის ნაყოფი – მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან“ – ეს წარწერები მომხმარებლებს მიუთითებს, რომ პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. მისი შეძენით მომხმარებელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ იმ ადამიანებს აძლიერებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობენ.
სოფელ ბერშუეთიდან ეკატერინე ერთ–ერთია იმ ფერმერთა შორის, რომლის წარმოებული ჩირი ამ წარწერით იყიდება. ოჯახთან ერთად სასოფლო კოოპერატივი ჩამოაყალიბა, საკუთარი რესურსებით ააწყო საწარმო, გრანტის საშუალებით შეიძინა ხილის საშრობი და 2021 წლიდან დაიწყო წარმოება.
„მავთულხლართთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება დიდი სტიმულია ჩვენთვის. როდესაც იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს, საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს, მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას და მცოცავი ოკუპაციის პერმანენტულ შიშს“, – ამბობს ეკატერინე სოფელ ბერშუეთიდან და დასძენს „შიში არსად წასულა, მუდმივი ბორდერიზაცია არ შეჩერებულა… ეს ყველაზე მეტად კი ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იგრძნობა“.
„გმირობის ნაყოფი“ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივაა, რომლის მიზანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა, მათი მოყვანილი პროდუქტის პოპულარიზაციის გზით. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ინფორმაციის სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა ახალი ბრენდ–იდენტობა, რომელიც მომხმარებელს საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტის იდენტიფიცირებასა და შეძენაში ეხმარება.
„გმირობის ნაყოფი“ – ასეთი შეფუთვით შეხვედებით ხილს, ჩირს, ჩურჩხელებს სხვა ნუგბარს მარკეტებში. რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოხატოს სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საოკუპაციო ხაზთან ახლოს და კიდევ ერთხელ გვახსენებენ შრომის და გამბედაობის ნაყოფს.