7 წლის წინათ, სექტემბერში, ოფიციალურად დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მარიანი.'' ორგანიზაციის სახელწოდება დების – ანა და მარიამ მიქიაშვილების სახელებს აერთიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებდა და ახლაც მუშაობს უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე.
საქართველოში ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის შესახებ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ან, თუ აქვს - მცდარი... ამიტომ გადავწყვიტეთ 'მარიანის' საქმიანობაზე გიამბოთ, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ორმა აქტიურმა და გულანთებულმა მოქალაქემ საზოგადოებას.
რამდენიმე წლის წინ, სასიამოვნო ტემბრის მქონე, წიგნების არამხატვრულად, ზედმეტი ემოციების გარეშე წამკითხველი მოხალისეების ძებნა დაიწყო ორგანიზაციამ. უამრავმა მოტივირებულმა ადამიანმა – მსახიობებმა, ჟურნალისტებმა, სტუდენტებმა მიაკითხეს „მარიანს“, რათა უსინათლო სკოლის მოსწავლეებისთვის აუდიო წიგნების ჩაწერაში მიეღოთ მონაწილეობა. „რომ არა ისინი, ალბათ გაცილებით ცოტა აუდიო წიგნის ჩაწერა მოხერხდებოდა“ - იხსენებს ერთ–ერთ ინტერვიუში მარიამი, რომელიც თავად არაერთხელ ყოფილა მოხალისე სხვადასხვა პროექტში.
„ჩვენი ორგანიზაცია ეფექტური გახადა იმ გარემოებამ, რომ ამ საქმეში ჩართულები ვართ ისინი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი. მარიამს აქვს პირადი გამოცდილება, და მეც ბავშვობიდან ასეთ რეალობაში ვიზრდებოდი“ - ამბობს ანა და დასძენს, რომ 7 წლის განმავლობაში, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეძლეს. მაგალითად, სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის სწავლება, რომელიც ეხმარებათ უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებასა და საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების შესწავლაში.
თითოეული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას დები აღიქვამენ საზოგადოებაში გაშვებულ იმპულსებად, რომელიც პროექტის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად გრძელდება. „ასე რომ, ჩვენს ყველაზე დიდ სიამაყეს წარმოადგენენ ის ადამიანები და მათი შედეგები, რომლებიც ჩვენი პროექტებით გამოიზარდნენ და ახლა უკვე, ამ სფეროში საკუთარ პროექტებს ახორციელებენ.’’
ბოლო 2 წლის განმავლობაში უფრო მეტად ვსაქმიანობთ კანონით გაწერილი წესების, სტრატეგიული დოკუმენტების, საგანმანათლებლო გეგმების შექმნაზე, თუ როგორ უნდა იყოს გარემო მოწყობილი უსინათლოებისთვის; ვქმნით სახელმძღვანელოებს სხვადასხვა კომპანიებისთვის“.
ანა და მარიამი მიიჩნევენ, რომ ადამიანური და პროფესიული რესურსების განვითარების გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში ცვლილებების მიღწევა, რომელსაც დიდი შრომა და ბევრი იმედგაცრუებაც შეიძლება ახლდეს. არ შეგეშინდეს, დაიწყე პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომელიც ჯაჭვურად მიებმება ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, მოიტანს დიდ შედეგს - სხვას მისცემს ბიძგს და გაგრძელდება განვითარება.’
ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი