''გაუნათლებელს ადამიანს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული...'' - წერდა დიდი ქართველი ჰუმანისტი ვაჟა ფშაველა, რომელმაც მოქალაქეობრივ ცნობიერებასა და სწავლა–განათლებას, მათ ურთიერთკავშირს არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა.
ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობი განათლების, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გაზიარებით ცდილობდნენ საზოგადოების გააქტიურებას. ეს დღესაც აქტუალურია.
მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება სახელმწიფოს ძლიერების ფუნდამენტია. ასეთი საზოგადოება იდენტობას შეინარჩუნებს და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე გლობალურ სივრცეში.
როგორ ყალიბდება ასეთი საზოგადოება?
იგი ყალიბდება ისტორიული და მიმდინარე კონტექსტის კარგად ცოდნის და თითოეული მისი წევრის დაუზოგავი შრომის საფუძველზე. სწორედ ამიტომ ხშირად გთავაზობთ ქართველი გენიოსების ნაშრომებს, რომლებიც ისევ და ისევ აქტუალურია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის.
დღეს კიდევ ერთხელ გვინდა წარმოგიდგინოთ ქართული მსოფლმხედველობის კორიფე ვაჟა ფშაველა, კერძოდ კი მისი ესსე - 'რას ჰქვიან თავისუფლება?' ეს ნაშრომი ყველა დროსა და რეალობას ეხმაურება. ‘
’...გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი დ იმართება მათ შორის ბრძოლა.
თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ფიქრობს მას: „მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის დაცვისა“. სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა.
რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის.'