21 წლის წინათ, 1998 წელს, ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაცია – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“ შეიქმნა.
იგი ზუგდიდში მცხოვრებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა დააარსეს, თუმცა, ამას წინ უძღოდა ორი ქალბატონის ცხოვრებაში მომხდარი ძირეული ცვლილება და მათი გზების გადაკვეთა...
90–იან წლებში, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, მადონა ხარებავას ცხოვრება მთლიანად შეცვალა ვირუსულმა გრიპმა. „ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება შედგება ორი ნაწილისგან – პირველი გახლავთ მადონა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, მეორე ცხოვრება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეზღუდული შესაძლებლობის პირი გავხდი – ვირუსულმა გრიპმა ფიზიკური შეზღუდვა გამოიწვია“, ამბობს მადონა ხარებავა და დასძენს, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვა არ იყო ადვილი. მან გააცნობიერა, რომ ვეღარ შეძლებდა სკოლაში მუშაობას და სამსახური დატოვა.
ზუსტად იმ დროს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამმა“ ზუგდიდში გახსნა წარმომადგენლობა, სადაც შესაძლებლობის შეზღუდვის სფეროში კონსულტირებას ახალგაზრდა ბრიტანელი ქალბატონი უწევდა. მან საქართველოში ჩამოსვლამდე დაკარგა მოძრაობის უნარი. ამ ახალგაზრდა ქალბატონის დახმარებით ზუგდიდში, თბილისში, ბაქოსა და ერევანში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დედათა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებასა და პრობლემებს უზიარებდნენ.
„ბრიტანელმა ექსპერტმა ფასილიტაციის საშუალებით, მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ ჩვენ თავს ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და შევძლოთ მათი დაცვა“, - ამბობს მადონა ხარებავა.
ასე ნაბიჯ–ნაბიჯ, შესაძლებლობების გაზრდისთვის ტრენინგების, ორგანიზაციული განვითარების დახმარების პარალელურად დაარსდა ასოციაცია „დეა“, რომლის ხელმძღვანელია მადონა ხარებავა.
1998 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ 140–ზე მეტი პროექტი განახორციელა და მათი მიზანი იყო და არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე მათ მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მადონა ხარებავას კარგად ახსოვს ორგანიზაციის პირველი პროექტი - „ქალები თანასწორობისთვის“ და „შშმ ქალები თანასწორობისთვის“. მაშინაც და ახლაც თვლის, და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ, რომ პირველ რიგში ქალები არიან და მერე მოდის მათი განსხვავებულობა. „ეს არ ნიშნავს, რომ განსხვავებულობას არ ვაღიარებ, პირიქით – ყველგან უნდა იყოს გათვალისწინებული განსხვავებულობა, ასევე, ხელი შევუწყოთ უნივერსალური გარემოს შექმნას, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. არასწორია საზოგადოების დაყოფა შშმ და არა შშმ პირებად.''
1998 წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით, დაიხვეწა სხვადასხვა კანონმდებლობა, სახელმწიფომ მიიღო საერთაშორისო კონვენცია, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი; გაჩნდა ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა. როგორც ყოფილ პედაგოგს, მადონა ხარებავას ძალიან უყვარს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტები.
„დეა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ კუთხით უცხოური გამოცდილება და ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზა შეისწავლა, ვთარგმნეთ სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და დღესაც ილიას უნივერსიტეტში ერთ–ერთ მთავარ ადგილს იკავებს სასწავლო პროგრამაში. მოვამზადეთ ოჯახსა და სკოლას შორის თანამშრომლობის კონცეფცია, რომელიც მასწავლებელს ეხმარება როგორ ააგოს ურთიერთობა განსხვავებულობის შემთხვევაში, ასევე, როგორ შექმნას ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა“- ამბობს მადონა ხარებავა.
ერთია ინკლუზიური სწავლების დანერგვა–დახვეწა, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ამიტომ ორგანიზაცია დიდ დროს და ენერგიას უთმობს საზოგადოების ინფორმირებას და სწავლებას.
მადონა ხარებავა ამაყობს, რომ ინტეგრირებული კლუბები, სადაც უამრავი ახალგაზრდა იყო და არის ჩართული, გარკვეული ბიძგის, დადებითი ცვლილების მომტანი აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის – „ცოდნა არ იკარგება, თან წაიღეს – ზოგმა იგი მაგისტრატურის თუ ბაკალავრიატის ნაშრომებისთვის გამოიყენეს, ამის შესახებ თავად, ჩვენთან სტუმრობისას სიხარულით ყვებიან“.
დეას ხელმძღვანელი თვლის, რომ ინტეგრირებული საზოგადოებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი – ჯერ კიდევ საჭიროა ასწავლო უფლებები, ადვოკატირებისა თუ თვითადვოკატრების გზები და გამოყენების შესაძლებლობა.