en
ge

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სსრკ–ის დროს არის მიღებული

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სსრკ–ის დროს არის მიღებული

იცით, რომ საქართველოში ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მოქმედებს?

საიას ინფორმაციით, სწორედ ამ კოდექსით ხდება ასობით მოქალაქის საქმის განხილვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს მიიღო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მისი რამდენიმე მუხლი საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

დროთა განმავლობაში კოდექსში ცვლილებები შედიოდა, ემატებოდა–აკლდებოდა მუხლები, იზრდებოდა ჯარიმები, თუმცა კოდექსის რეფორმის საკითხი კვლავ ღიაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ყოველდღიურად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს:

• კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს აწესებს, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებთან შედარებით; • ბრალმდებლის მხარის არარსებობა, სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას, ლახავს სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპს, რადგან, რეალურად, მოსამართლე ითავსებს ბრალმდებლის ფუნქციას;

• კოდექსი არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს;

• არსებული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ავალდებულებს, წარადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია;

• სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას. დაკავების კანონიერების თაობაზე დავის არსებული მექანიზმი არაეფექტიანი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა;

• საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს პოლიციელის მოთხოვნის კანონიერების საკითხს.

გაიგე მეტი საიას პუბლიკაციიდან: https://bit.ly/3sb4JTf

მსგავსი პოსტები