არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია ბილიკი (Society Biliki) 1997 წლიდან ეხმარება ბავშვებს პოტენციალის გამოვლენაში, განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური თუ რელიგიური სტატუსისა.
ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია სოფელ სასირეთის სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებრივი აქტივობა, რომლის წყალობითაც სოფელში არსებული XVI-XVIII საუკუნეების სათვალთვალო-სასიგნალო კოშკს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კოშკის შესახებ სასირეთის სკოლის მოსწავლეებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ისაუბრეს; მათ თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართეს, სააგენტომ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბილიკისა და სასირეთის სკოლის მოსწავლეთა თანამშრომლობა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამოქალაქო აქტივობაში ჩაბმა არასოდესაა ნაადრევი.